დიზაინერი ზალიკო ბერგერი „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად ესაუბრა ამერიკულ ცხოვრებასა და ნოსტალგიაზე, რომელიც საქართველოს უკავშირდება.
„წავედი ნიუ-იორკში ჩემი დაბადების დღის ღამეს, მეექვსედ ვიყავი უკვე მანდ. პირველად მომეწონა. მთელი პანდემიის დროს ვიძახდი, რომ ღმერთო, ოღონდ, თვითმფრინავში ჩამსვი და ნიუ-იორკზეც თანახმა ვარ და იმაზეც, რომ ბავშვი მეჯდეს გვერდზეთქო. მეგობრებთან ვცხოვრობდი სახლში, ძალიან კარგ მეგობრებთან.
თვითონ ტიპური ამერიკელები არ მომწონს, მათი მიზანია, მხოლოდ ფულის შეგროვება და მუშაობა, ლარს არ ხარჯავენ საკუთარი სიამოვნებისთვის. შვილს უდებენ თავში, რომ დოლარი არ დახარჯოს. ვთქვათ, მილიარდი გაქვს, მაინც უნდა შეაგროვო. ქართველებიც, ვინ იქ მუშაობენ, მხოლოდ მუშაობაზე და შეგროვებაზე არიან გადართულები. მე ლუარსაბთან და დარეჯანთან ვცხოვრობდი ნიუ-იორკში, ერთადერთი ოჯახია, რომელსაც მილიონი აქვს და ხარჯავს. მე იქ არაფერი მიჭირდა, მაგრამ საქართველო მიყვარს ძალიან, რამდენი წელი შევწირე ჩემს ქვეყანას, ყველაფერი მიყვარს აქ. სარწმუნოებიდან დაწყებული, ხალხით დამთავრებული. ჩვენ ძალიან განსაკუთრებული ხალხი ვართ, ნიჭიერები, თბილები. მეუბნებოდა ჩემი ახლობელი დავტოვოთ ზალიკო ამერიკაში და იქნება „სვეცკი“ ბაბუა ვუშოვოთო, ანუ მომვლელად რომ დავრჩენილიყავი. ჯერ ერთი, მაგის იქით რატო არ უნდა მიგდიოდეს ტვინი, რომ მანჰეტენზე ვიღაც მოხუცს არ მოუარო“,- ამბობს ზალიკო.
– მუდამ მხიარული ზალიკო ბერგერის უკან თუ იმალება მოწყენილი ან თუნდაც დეპრესიული ზალიკო?
დეპრესია მქონდა პანდემიის დროს, ღმერთო, რა საშინელება იყო და ზევიდან დამატებული იმედგაცრუებები ადამიანებში. მთელი ცხოვრება, ვინც აკიდებული მყავდა, იმ ადამიანებმა მიღალატეს და მაგაზე უარესი კიდე… ადამიანი შენს გვერდით არის, შენი სახელით სარგებლობს, ფულსაც აკეთებს, არალეგალურ საქმიანობასაც ჩადის შენი სახელით, როცა გავიგე, არ მჯეროდა, რადგან 24 საათი ჩემთან იყვნენ. ახლა კი მომტირიან, მეც მივტიროდი გულში…
– დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ, როგორ გაჩერდით მის გარეშე ამერიკაში?
– ბელა 24 საათი ხაზზე მყავდა, რას ვჭამდი, რას ვსვამდი ყველაფერი იცოდა. თან ამერიკაში წასვლამდე, მეორე სახლში ჩუმად მიმქონდა ბარგი. ბელამ არც იცოდა, ჩუმად ვიყიდე ბინა ვაკეში, რომ მოვიდა და ნახა, გაგიჟდა. ვინ დამიჯერებს, რომ როცა დედასთან ვცხოვრობდი, 9 საათის მერე სახლიდან არ მიშვებდა, ამ ჩემი ასი წლის ასაკში.
– პირადზეც მოგვიყევით…
პირადში, არაფერი ხდება, მინდვრის თაგვივით მარტო ვარ. ახლა ცოლის კონტროლი მინდა? მერე ბავშვის? (იცინის) ბავშვი ძალიან ძვირი ჯდება, რამხელა პასუხისმგებლობაა იმის მოვლა და აღზრდა. ბინის ფასი ჯდება შვილი წელიწადში, ვისაც გყავთ, გეცოდინებათ. მე ჩემს თავს უნდა მოვაკლო, ბავშვს უნდა გადავყვე. რა უნდა გამიკეთოს, ბოლოს და ბოლოს, ბავშვმა, წყლის მოწოდებაო, თუ რაღაცა… მე რასაც ვუყურებ, მშობლები საზღვარგარეთ მიდიან და აქეთ “აწოდებენ წყალს”. კარგი გაგებით ვამბობ, უბრალოდ, გავაჩინე და სუროგატს მოვათრევინე, მასე არაა. პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო შვილს და შენი ცხოვრება დაუთმო.
წყარო:პრაიმტაიმი