სს „წყალი მარგებელი”, რომელიც „ბახმაროს” წყალს უშვებს, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებს ეხმიანება და განცხადებას აქვეყნებს.
„სს წყალი მარგებლის განცხადება: გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას, საქართველოს ბაზარზე წყაროს წყალი ბახმაროს შეფუთვასთან დაკავშირებით.
ბოდიშს ვიხდით მომხდარი ფაქტის გამო და გვინდა განვმარტოთ, რომ ბახმაროს წყალი აღნიშნული ეტიკეტით არასდროს ყოფილა განკუთვნილი რუსული ბაზრისა და რუსებისთვის. კომპანია ბახმაროს წყალს რუსეთში საერთოდ არ ყიდის.
7776 ცალი ბახმაროს ბოთლი, რომელიც განკუთვნილი იყო ბელორუსიის ბაზრისთვის, შეცდომით მოხვდა საქართველოს ბაზარზე.
ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას მომხდარზე. სიტუაციის გამოსასწორებლად და ჩვენი მომხმარებლების ნდობის შესანარჩუნებლად, ვიღებთ სასწრაფო ზომებს – თითოეული ბოთლი ამოღებული იქნება ქსელებიდან.
გულწრფელად ვიხდით ბოდიშს აღნიშნული უხერხულობისა და გაუგებრობისთვის. თქვენი ნდობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
სს წყალი მარგებელი არის ქართული კომპანია, რომლისთვისაც უპირველესი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებია!”- ნათქვამია განცხადებაში.
სოციალურ ქსელში გვერდის, „ჩემი ქალაქი მკლავს”, მიერ გავრცელებულ ფოტოში რუსულენოვანი ეტიკეტის მქონე „ბახმაროს” ბოთლი ჩანს.