ასტროლოგი დავით ნიბლაძე 2021 წლის პირველი ახალმთვარეობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ნიბლაძე ამბობს ახალი მთვარე ახალი შანსია. მისივე თქმით, კონკრეტულად 13 იანვრის ახალმთვარეობა დიპლომატიას, წინდახედულებასა და აზროვნებას მოითხოვს.
„13 იანვარს ახალი მთვარეა (პიკი – 09:00სთ) თხის რქას 24-ე გრადუსზე. ეს ახალი მთვარე ერთგვარი შემაჯამებელი ენერგიის მატარებელია. გახსოვთ ალბათ, როგორ ხშირად ვახსენებდით სტატიებში თხის რქას, სატურნს, პლუტონს… ამჯერადაც ისევ თხის რქასთან, სატურნთან და პლუტონთან ვტრიალებთ. განსხვავება ისაა, რომ ახალი მთვარე ახალი შანსია, შევაფასოთ, გავაკეთოთ დასკვნები, გადავხედოთ, რა ვისწავლეთ გასულ წელს და უკვე მიზანმიმართულად, ძალიან პრაქტიკულად და ცივი გონებით დავგეგმოთ ცვლილებები და სიახლეები. ცვლილება და სიახლე ამ ახალი მთვარის ორი საკვანძო სიტყვაა – ცვლილებები, რომელსაც პლუტონი აპროვოცირებს და სიახლე, რომელსაც იდეურად ახალი მთვარეც იტევს და თხის რქას მმართველის მერწყულში ტრანზიტიც მერკურთან და იუპიტერთან ერთად.
თხის რქას სატურნი მართავს. სატურნისთვისაც და თხის რქისთვისაც აუცილებელი საჭიროებაა დაფასება და აღიარება (როგორც მე-10 სახლის მმართველისთვის), თუმცა არა მარტივი გზების, არამედ მძიმე შრომის ხარჯზე.
ეს არის დრო, როდესაც უნდა შევქმნათ ან აღვადგინოთ წესრიგი და გავაკეთოთ მხოლოდ ის, რაც გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე და სამომავლო შედეგებზე გათვლილი იქნება, თუნდაც ეს ყველაფერი დღევანდელი სიამოვნებისა და კომფორტის დათმობის ხარჯზე მოგვიწიოს. სატურნისთვის მიუღებელია დაუფიქრებლად და ნაჩქარევად გადაწყვეტილებების მიღება. მისთვის მთავარი არის შედეგი. არ აქვს მნიშვნელობა, ამ შედეგის მისაღწევად რა დრო და ძალისხმევა იქნება საჭირო. ყველაფერი, რაც მყარად იქმნება, დიდ დროს საჭიროებს.
სატურნი, რომელიც ამჟამად მერწყულში მოძრაობს, გვასწავლის, რომ თავისუფლება არ ნიშნავს წესების დარღვევასა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. პირიქით, მისთვის სწორედ ჩვენი შესაძლებლობების გაცნობიერებაა თავისუფლება და გვაჩვენებს, რომ ჩვენზე გამოცდილი ადამიანებისგან მიღებულ რჩევებთან ერთად განვითარების გზა საკუთარი წარსული შეცდომებისა და წარმატებების გათვალისწინებაა. ეს არის დრო, როდესაც უნდა მოვიშოროთ თვითგამანადგურებელი დამოკიდებულებები, მათ შორის მავნე ჩვევები, გავაცნობიეროთ სად ვაჭარბებთ მოლოდინებით და აღმოვაჩინოთ უფრო მეტად „ჩვენი“, რეალისტური მიზნები, ამოცანები და ოცნებები. სატურნი მერწყულში გააძლიერებს როგორც წარსულის, ისე მომავლის ხედვასა და შეგრძნებას, რაც იდეალურ შემთხვევაში, დღეს სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ.
მომავალსა და განვითარებაზეა ორინტირებული მერწყულში სატურნთან შეერთებული იუპიტერიც და მერკურიც. მერწყულისთვის ყველაზე ნაკლებადაა მისაღები სტატუს-კვო და მუდმივად ცდილობს განვითარებას ცვლილებებით და სიახლეების შემოტანით. მერკურისა და იუპიტერის შეერთება მერწყულში ნამდვილად გაგვანებივრებს ახალი იდეებითა და ორიგინალური მიდგომებით. მთავარია, მათი პრაქტიკულობის შეფასება შევძლოთ და იდეები იდეებად არ დავტოვოთ.
არსებული პლანეტარული კონფიგურაციით ერთ მხარეს გვაქვს სიახლეების დიდი სურვილი და მეორე მხარეს მარსი-სატურნის კვადრატი, რომელიც ერთგვარ მუხრუჭს და წინაღობას წარმოადგენს. მარსი კუროშია, ნიშანში, რომელიც მკვეთრად განსხვავდება მისი წინამორბედი ვერძისგან. თუ ვერძი სპონტანური, აზარტული და პირდაპირ შემტევი ხასიათის მატარებელია, კურო უფრო მოზომილი, თავშეკავებული და ფრთხილია. როდესაც ასეთ მარსს სატურნი აკვადრატებს, მისი ტემპი უფრო ეცემა, ნაკლებად აქტიური და მეტად დამთმობი ხდება. ერთგვარად სუსტდება მისი მასკულინური ბუნება. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ მარსის შეერთება სტაციონარულ დირექტულ ურანთან (და შემდგომ ლილიტთან), რომელიც დაგროვილ, დაკონსერვებულ ენერგიას ერთიანად გამოიტანს გარეთ. მართალია, ეს შეერთება ჯერ ზუსტი არაა და მომდევნო კვირაში გაცილებით საგრძნობი იქნება, მაგრამ ნელ-ნელა აქტიურდება და 19-21 იანვრის შუალედში მიაღწევს თავის პიკს (სადაც უკვე მთვარეც ჩაერთვება და ერთიანად შექმნიან მთვარე, მარსი და ურანი კვადრატებს იუპიტერ-სატურნთან და მზესთან მერწყულში).
მომდევნო კვირის ასპექტებს თუ გადავხედავთ, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ არაერთი აგრესიულ-ძალადობრივი მოქმედების მომსწრე გავხდებით. დაწყებული პატარა, ქვეყნის შიგნით განვითარებული მოვლენებით, დამთავრებული დიდი, გლობალური თემებით.
მათ შორის აქტუალური გახდება ისევ და ისევ კოვიდ-19, ვაქცინაცია და შეზღუდვების წინააღმდეგ აგრესიული გამოსვლები. არ არის გამორიცხული, ვაქცინაციის უკუჩვენებების ან შეზღუდვებთან შეუგუებლობის გამო დიდი, მასშტაბური პროტესტებიც კი ვიხილოთ. არცერთი მიმართულებით არ არის რეკომენდებული ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება და დაუფიქრებელი მოქმედება. მასშტაბურად გაიზრდება აგრესიულობა, სულსწრაფობა და კონფლიქტების მიმართ მიდრეკილება. მარსისა და ურანის შეერთება, რომელიც მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ ხდება, საკმაოდ კრიტიკულად ითვლება ასტროლოგიაში. ამიტომ ნებისმიერი საქმის შესრულებისას, მაქსიმალური წინდახედულობა, სიფრთხილე, მოთმინება და დიპლომატია გვმართებს.
ისევ ახალ მთვარე რომ დავუბრუნდეთ, თანაბრად მშვენიერი შანსი გვეძლევა, მოვიშოროთ ძველი (პლუტონთან შეერთების გამო) და შევიმუშაოთ ახალი გეგმები. 13 იანვარი ბრწყინვალე დღეა 2021 წლის მთავარი მიზნების განსაზღვრისთვის. ვეცადოთ, ამ დღეს მაქსიმალურად პოზიტიურად განვეწყოთ მომავლის მიმართ. გადავდოთ ცოტა ხნით წუწუნი სხვადასხვა მიზეზების გამო და გადავხედოთ, რა ვისწავლეთ გასულ წელს, როგორ შეიცვალა ჩვენი პრიორიტეტები, რა აღმოვაჩინეთ, რას ვტოვებთ გასულ წელში და რას შევინარჩუნებთ 2021-ში.
ახალი მთვარის ენერგიას სხვებთან შედარებით უფრო მეტად ის ადამიანები იგრძნობენ, ვის პირად რუკაშიც პლანეტები და კუთხოვანი სახლები კარდინალური ნიშნების ბოლო 10 გრადუსშია“, – ნათქვამია დავით ნიბლაძის პოსტში.