რა მოხდა: 27 სექტემბერს ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაცია საფარმა განაცხადა, რომ იცავდა 18 და 19 წლის ახალგაზრდა ქალების ინტერესებს, რომელთა მიმართ 60 წლის კაცის მხრიდან ჩადენილი დანაშაულების ნიშნები იკვეთებოდა.
- კერძოდ, გაუპატიურება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა, ადევნება, პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო-ვიდეომასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება, იძულება, ტრეფიკინგი.
- ორგანიზაციის ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ იგივე პირი არასრულწოვანების მიმართაც ჩადიოდა მძიმე დანაშაულს.
- ახალგაზრდა ქალებმა პოლიციას 19 სექტემბერს მიმართეს და როგორც ორგანიზაცია წერდა, 27 სექტემბრამდე ერთი მათგანი არ გამოუკითხეს და მის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება არ იყო დაწყებული.
- რაც შეეხება მეორე ქალს, საფარის ინფორმაციით, მისი დაცვის მიზნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი და მოძალადეზე დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა.
- ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ ამ შემთხვევაში, ეს სრულიად არასაკმარისი ღონისძიება იყო ქალის დასაცავად.
დეტალები: მათივე განცხადებით, ახალგაზრდა ქალი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა და მას აიძულეს გაუპატიურების შესახებ ესაუბრა კაცი პოლიციელების წინაშე.
- “გამოკითხვისას პოლიციელები გამოძიებისთვის სრულიად არასაჭირო და ქალისთვის დამამცირებელ კითხვებს უსვამდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთ მსხვერპლს პოლიციის განყოფილებაში ხანგრძლივი დროის გატარება მოუწია მოძალადის გვერდით, რაც მისთვის დამატებითი სტრესი იყო”, — წერდა საფარი.
- ორგანიზაცია მოითხოვდა, ინტიმური შინაარსის პირადი და პერსონალური ინფორმაციის მოპოვება-შენახვა-გავრცელების ნაწილში სისხლის სამართლის მიმართულებით გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაეწყო, სხვა დანაშაულები კი თბილისის მთავარ საგამოძიებო სამმართველოს გადაცემოდა.
- საფარმა მიმართა სახალხო დამცველსაც, დაინტერესდეს ამ საქმით და გამოძიების პროცესს გაუწიოს შესაბამისი მონიტორინგი.
შსს-ს დღევანდელი განცხადებით, 1963 წელს დაბადებული ლ.მ. გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- “გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, ნაცნობ გოგოებთან, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი, ასევე, მათ არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მათ მიმართ მუქარასაც ახორციელებდა”, — წერს უწყება.
წყარო: “On.ge”