ლეღვი ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე აზიაში, ირანსა და ჩრდილოეთ-დასავლეთ ინდოეთში, კულტივირებულია მრავალ ქვეყნებში, განსაკუთრებით თურქეთში, ალჟირსა და აშშ-ში. საქართველოში გვხვდება ყველგან მთის ქვედა სარტყელსა და დაბლობებზე. ხშირად გაველურებულია. ლეღვის ნაყოფი ნაზია, დიდხანს არინახება, ჯიშისა და სიმწიფის კვალობაზე იგი შეიცავს (%-ობით): 12-23 შაქარს, 0,5-4,2 პექტინოვან ნივთიერებებს, 3,4-7,4 უჯრედისს: 1-მდე მჟავებს, მდიდარია C, B1, B2 ვიტამინებით, კაროტინით, კალციუმით, რკინით, ფოსფორით.
ლეღვს იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (ჩირი, მურაბა, ჯემი, კომპოტი). მშრალი ლეღვის კალორიულობა მაღალია და 50-77% შაქარს შეიცავს.
ლეღვის ჭამა განსაკუთრებით სასარგებლოა უზმოზე.
ლეღვი საუკეთესო საშუალებაა ნაბახუსევის სინდრომისგან თავდასაღწევად. მისი წყალობით ქრება გულისრევა, წყურვილის გრძნობა და პირის სიმშრალე. ლეღვი ამაღლებს გუნება-განწყობილებას და ხსნის მოთენთილობას.
ლეღვი კარგი საშუალებაა კუჭის გასაწმენდ-გასასუფთავებლად. მის ნაყოფში არსებული თესლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ერთგვარი ცოცხის როლს ასრულებს – ინტენსიურად გამოდევნის დაგროვილ წიდას და ნივთიერებათა ცვლის ორგანიზმისთვის უვარგის პროდუქტებს.
ეს ხილი საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, აგრეთვე იმ პირებისათვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის მწვავე პათოლოგიები ან პოდაგრა აწუხებს.