პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებებით დამწვრობის ცენტრს 40-მდე პაციენტმა მიმართა. კლინიკაში მოვათავსეთ 4 პაციენტი – სამი ბავშვი და ერთი მოზრდილი, – ამის შესახებ ტვ.პირველის ეთერში ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.
გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დამწვრობის ცენტრში მიმართვიანობა შემცირებულია,თუმცა პიროტექნკით არ იღებენ მხოლოდ დამწვრობას, არის ნაკვეთი ჭრილობები და მოტეხილობები.
„დამწვრობის ცენტრში სამი ბავშვი მოხვდა, რომელთაც კლინიკაში რამდენიმე დღე გაატარეს. მათ დაზიანებული ჰქონდათ მარჯვენა მტევნის თითები და სახის არე. დღეს ვუკეთებთ ოპერაციას ერთ პაციენტს, რომელმაც პიროტექნიკით გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო დაზიანებები“, – აღნიშნა ქაშიბაძემ.
მისი თქმით, პიროტექნიკა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს.
„პიროტექნიკის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება სერიოზული დაზიანება მივაყენოთ როგორც საკუთარ თავს, ისე ოჯახის წევრებს. ყველაზე პატარა პაციენტი გვყავდა 3 წლის ბავშვი, რომელსაც სხვისი ნასროლი პიროტექნიკის ნამსხვრევი მოხვდა აივანზე. ძირითადად ბავშვები იყვნენ 8 წლის ასაკიდან 14 წლამდე. ყველაზე მოზრდილი პაციენტი, რომელიც პიროტექნიკით დაშავდა, იყო 70 წლის ქალი“, – აღნიშნა ქაშიბაძემ.