28 სექტემბერს, გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში მკვლელობა მოხდა. მოკლული ახალგაზრდა 23 წლის ავთანდილ სიხარულიძეა. დანაშაულში ბრალდებული ადგილობრივია 27 წლის შოთა სიხარულიძე, რომელმაც 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე თვის წინ დატოვა. ცნობილია, რომ ის ვადაზე 3 წლით ადრე გათავისუფლდა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
“მეგობრობდნენ, ერთად გაზრდილი ბავშვები იყვნენ, რისთვის ჩაიდინა ეს, არ ვიცი. ორივე კარგი ოჯახი შვილია…” – ამბობს “რუსთავი 2”- თან გარდაცვლილის თანასოფლელი.
როგორც ირკვევა ერთად გაზრდილ ახალგაზრდებს შორის კამათი წინა დღეს ავთანდილ სიხარულიძის დაბადების დღეზე დაიწყო. დავაში ჩართულმა 23 წლის ბიჭმა კონფლიქტს თავი აარიდა და შინ წავიდა, თუმცა მას ბავშვობის მეგობარი მეორე დღეს ქუჩაში დახვდა და დანით ორი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დანაშაულს რამდენიმე მოწმე ჰყავს. დაჭრილი კლინიკაში მეგობრებმა მიიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში შეყვანილი ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო.
მომხდარზე ბევრს ვერაფერს ჰყვებიან მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახშიც. შოთა სიხარულიძის დედა “რუსთავი 2”-თან ამბობს, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
პოლიცია შოთა სიხარულიძეს ამ დრომდე ეძებს. მეგობრის მოკვლის შემდეგ, 27 წლის მამაკაცი ადგილიდან მიიმალა. ძებნის ოპერაციის პარალელურად დღეს გამომძიებლებმა მოწმეებიც გამოჰკითხეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
წყარო:ამბები