დინდგელის (იმავე პროპოლისის) ანტიმიკრობული თვისებები ფართოდაა ცნობილი. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ის
იმუნიტეტის შემადგენელი ცალკეული რგოლების ფუნქციაზეც ზემოქმედებს, ასტიმულირებს იმუნიტეტის როგორც სპეციფიკურ, ასევე არასპეციფიკურ ფაქტორებს და ამის გამო უნიკალურ იმუნომასტიმულირებელ საშუალებად გვევლინება.
შეგახსენებთ, რომ სპეციფიკურ იმუნიტეტს განაპირობებს ორგანიზმის ლიმფოიდური სისტემა, ხოლო ორგანიზმის დამცავ არასპეციფიკურ ფაქტორებს ქმნის კანი, კუჭის წვენის მჟავე ბარიერი, სისხლის დამცველობითი ფუნქციის სხვადასხვა მექანიზმი. დინდგელი ყველა ამ ჩამოთვლილ ფაქტორზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და შესაბამისად, იმუნიტეტის ასამაღლებელი უნიკალური საშუალებაა.
დინდგელი წმენდს უჯრედებს, ხელს უწყობს მათი მემბრანების სტაბილიზაციას, აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს (მათ რეგენერაციას უზრუნველყოფს), ასტიმულირებს ფაგოციტების (მშთანთქავი უჯრედების) ფუნქციას, ზრდის გამა-გლობულინების რაოდენობას. მისი გავლენით აქტიურდება ღვიძლის უჯრედების (ჰეპატოციტების) ფუნქცია, უმჯობესდება ალბუმინებისა და გლობულინების თანაფარდობა.
დინდგელი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, ამასთან უნიკალური, რადგან დღემდე არ არის ნაპოვნი ბაქტერია, რომელიც შეძლებდა ამ ნივთიერებაში გამრავლება-განვითარებას. დინდგელი ანადგურებს ოქროსფერ სტაფილოკოკსაც კი, ბაქტერიას, რომელიც მდგრადი და გამძლეა თანამედროვე უახლესი ანტიბიოტიკებისადმი. პროპოლისი დამღუპველად მოქმედებს ვირუსებსა და სოკოებზეც. ეპიდემიის დროს თავდასაცავად საკმარისია დინდგელის საშუალო ზომის ბურთულა კვირაში ორჯერ დაღეჭოთ. თუ გრძნობთ, რომ დაავადება გებრძვით, ყელი გტკივათ და ავად ხდებით, ღამით, ძილის წინ აუცილებლად დაღეჭეთ პროპოლისი (ასანთის ღერის თავისოდენა 2-3 ბურთულა), მეორე დილით ბევრად უკეთესად იგრძნობთ თავს და ყველა სიმპტომი გაგივლით.
დინდგელი ააქტიურებს ჩვენს ორგანიზმში დამცველობით მექანიზმებს, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობას მრავალი დაავადებისადმი, ბოჭავს ბაქტერიულ შხამებს (ტოქსინებს), გამოდევნის მათ ორგანიზმიდან. ანტიბიოტიკოთერაპიის დროს დინდგელის გამოყენება ორჯერ ამცირებს მედიკამენტების დოზას (სათანადო ეფექტის შენარჩუნების პირობებში).
არსებობს დინდგელის გამოყენების შემდეგი ძირითადი ფორმები:
სპირტიანი ნაყენი;
წყლიანი ნაყენი;
პროპოლისის წყალხსნარი;
პროპოლისის მალამო;
პროპოლისის სანთლები.
გთავაზობთ თითოეული ფორმის მომზადების წესს (რეცეპტს):
სპირტიანი ნაყენი
კარგი იქნება, თუ ნაყენის მოსამზადებლად 90%-იანი სპირტის ნაცვლად 70%-იანს გამოიყენებთ, რადგან დინდგელის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების ნაწილი სპირტში იხნება, ნაწილი კი – წყალში. დინდგელის გარკვეული ნაწილი მოათავსეთ საყინულეში 15 წუთით. ის გაიყინება და გამაგრდება. მიღებული გუნდა ჩახეხეთ წვრილ სახეხზე და ჩაუშვით სპირტით სავსე მინის ჭურჭელში, შეანჯღრიეთ და მოათავსეთ ბნელ ადგილას. მასა ყოველდღე ერთხელ მაინც შეანჯღრიეთ (სასურველია დღეში ორჯერ, დილა-საღამოს). ერთი კვირის შემდეგ ნაყენი მზად იქნება. ყოველ 100მლ სპირტზე უნდა აიღოთ 15-20 გრამი დინდგელი. კონცენტრაცია შეგიძლიათ ცვალოთ ნაყენის გამოყენების მიზნის მიხედვით.
წყლიანი ნაყენი
დინდგელის საჭირო რაოდენობა 15 წუთით მოათავსეთ საყინულეში, გაყინვა-გამყარების შემდეგ ჩახეხეთ წვრილ სახეხზე. მოამზადეთ წყლის აბაზანა. შიგნითა ჭურჭელი თავდახურული უნდა იყოს. მასში მოათავსეთ წყალი და გახეხილი დინდგელის მასა. დაახურეთ თავსახური და წყლის აბაზანაზე 10 წუთით გააჩერეთ (ანუ მეორე ჭურჭელში, რომელშიც იქნება დუღილის პროცესში მყოფი წყალი). ნარევი დოლბანდის რამდენიმე ფენაში გადაწურეთ (გაფილტრეთ) და გადაასხით მუქი ფერის მინის ჭურჭელში. ნაყენი მაცივარში შეინახეთ არა უმეტეს ერთი თვისა.
დინდგელის წყალხსნარი
თერმოსში მოათავსეთ 100 მლ ადუღებული წყალი (50 გრადუსამდე გაგრილებული), დაამატეთ 10გ წვრილად დაქუცმაცებული პროპოლისი და გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში. მიიღებთ მოყვითალო-მოყავისფრო გამჭვირვალე სითხეს სასიამოვნო სუნით, რომლის შენახვაც რეკომენდებულია გრილ ადგილას, არა უმეტეს 7 დღისა.
მალამო
იმავე წესით გაყინული და სახეხზე ჩახეხილი პროპოლისი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. შემოდგით წყლის აბაზანაზე. დააყოვნეთ მანამ, სანამ დინდგელი წებოვანი არ გახდება, დაამატეთ კარაქი იმ რაოდენობით, რომ მიიღოთ თქვენთვის სასურველი კონცენტრაცია (თქვენი მოთხოვნილებისამებრ, ჩვეულებრივ კი, 100 გრამ კარაქზე 15-20 გრამ დინდგელს იყენებენ და 5 მლ წყალსაც ამატებენ), გააჩერეთ 5 წუთი, მუდმივად ურიეთ ხის კოვზით. ჯერ კიდევ ცხელი მასა გადაწურეთ დოლბანდის 2 ფენაში, მოათავსეთ მინის ჭურჭელში და მაცივარში შეინახეთ. კარაქის ნაცვლად მალამოს მოსამზადებლად შეიძლება ვაზელინის გამოყენებაც. მიღებული პროდუქტის სასურველი კონცენტრაციის გამო შეგიძლიათ ცვალოთ პროპოლისის მასა, აიღოთ 5, 10, 15, 20, 30 ან 40 გრამი პროპოლისი და შესაბამისად დაამატოთ 95, 90, 85, 80, 70, 60 გრამი ვაზელინი.
სანთლები
აიღეთ კაკაოს ცხიმი ან კარაქი, ასევე პროპოლისის 10%-იანი სპირტიანი ნაყენი. ერთმანეთს შეურიეთ ცხიმი და ნაყენი პროპორციით 4:1. მიღებული მასა გაადნეთ წყლის აბაზანაზე არა უმეტეს 40 გრადუსი ტემპერატურის პირობებში. გააცივეთ და შეაწებეთ 3 სანტიმეტრი სიგრძისა და ერთი სანტიმეტრი დიამეტრის ცილინდრების სახით. მიღებული სანთლები სათითაოდ გაახვიეთ პოლიეთილენში და მაცივარში შეინახეთ.
მიღების წესი: დინდგელის წყალხსნარი და წყლიანი ნაყენი ჭამამდე 30-40 წუთით ადრე უნდა მიიღოთ დღეში 3-5-ჯერ 1, 2 ან 3 სადილის კოვზის ოდენობით. მკურნალობის კურსი ერთიდან სამ თვემდე მერყეობს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და არსებული დაავადების ფორმის მიხედვით. პროპოლისის წყალხსნარის მიღება მუდმივად შეგიძლიათ, რადგან ასეთი დოზით ის ტოქსიკურ ეფექტს არ ავლენს.
რაც შეეხება სპირტიან ნაყენს, ის დღეში სამჯერ, ერთი სადილის კოვზის ოდენობით, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ უნდა დალიოთ.
წყარო:მკურნალი