სექტემბერი საქართველოში მშფოთვარე და პოლიტიკურად აქტიური თვე აღმოჩნდა: იმდენი რამ მოხდა, რომ ჩვენს საზოგადოებას ყველა მოვლენისთვის თვალის მიდევნებაც კი გაუჭირდა. ჩვენ ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე ბევრი ქართველისთვის საყვარელი პოეტი და ექიმი – ნანა ცინცაძე გვესაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში “გზა” დაიბეჭდა:
“როგორც ყოველთვის, ჩვენი მთავარი მტერი ახლაც ერთმანეთის სიძულვილი და ურთიერთდაპირისპირებაა. დაახლოებით ისეთი მდგომარეობა გვაქვს, როგორიც კრილოვის ცნობილ იგავ-არაკშია აღწერილი: საზიდარს ყველა თავის მხარეს ექაჩება და ისიც, ერთი ადგილიდან ვეღარ იძვრის…”
“ხომ შეიძლება ერთხელ მაინც ისეთი არჩევანი გავაკეთოთ, როცა არც არავის იმპიჩმენტი იქნება საჭირო და არც არავის გადადგომა? მით უმეტეს, ახლა, როცა მთელი მსოფლიო იცვლება, როცა მმართველი ძალის სწორ გადაწყვეტილებებს და გონივრულ ნაბიჯებს ჩვენი მცირერიცხოვანი ერისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს?! ჩვენ თვალწინ გათამაშებული ყველა ფარსი, დრამა თუ კომედია ჩემთვის სასაცილო იქნებოდა, ეს ყველაფერი ჩემს სამშობლოს რომ არ ეხებოდეს…”
“თანამედროვე ქართველებს ორი უზარმაზარი ნაკლი გვაქვს: პირველი – არ გვიყვარს სამშობლო და მეორე – არ გვიყვარს შრომა. სამშობლო რომ გვიყვარდეს, აქ ახლა მეორე შვეიცარია იქნებოდა და ჩვენი ბავშვები, ჩვენი შვილები, ჩვენი ულამაზესი გენი საზღვარგარეთ არ გადაიკარგებოდა! კიდევ, ქართველების ნაცვლად, ჩვენს მიწაზე ამდენი უცხო, გაუგებარი წარმოშობის ადამიანი არ იცხოვრებდა. პატარა ერის ასიმილაცია ძალიან ადვილია…”
სტატიას სრულად ჟურნალ “გზის” 28 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.