რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის “იარე, ლიზას” ირგვლივ აჟიოტაჟი გრძელდება.
ფილმმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაბრაზება გამოიწვია. გუშინ კინოთეატრ “ამირანში” ფილმი შუა ჩვენებისას, პროტესტის ნიშნად, დატოვეს მაყურებლებმა.
მათ აზრით, ფილმში გადმოცემული ფაქტები რეალობას არ ასახავს, რადგან სცენარში, რომელიც ჟურნალისტ ლია ტოკლიკიშვილს ეკუთვნის, ქართველები დამნაშავეებად, ხოლო აფხაზები უცოდველებად არიან წარმოჩენილი.
აღნიშნულ ფილმს სოციალური ქსელით გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი: „სამწუხაროდ, ეს ფილმი, რომელიც წულუკიანის ბრძანებით დაფინანსდა, რუსული პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც ფარცხალაძის ტროლფაბრიკები. ჩვენ გვაგუებენ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკარგვას, ამისთვისაც მოკლეს ლაზიკის პროექტი და ქუთაისის პარლამენტს ბოქლომი დაადეს იმიტომ, რომ ორივე დიდი პროექტი აფხაზეთთან გვაახლოებდა“, – დაწერა მან.
სააკაშვილს უპასუხა კულტურის სამინისტრომ.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე აქტიურად და მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის – „იარე ლიზა“ – გადაღება კულტურის ახლანდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „ბრძანა“.ამ სიცრუის ტირაჟირებას სათავე დაუდო სისხლის სამართლის დამნაშავის, ამჟამად პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა მისთვის დამახასიათებელმა პოლიტიკურმა ტყუილმა.უპირველესად, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ფილმები მინისტრის ბრძანებებით არ ფინანსდება. როგორც ჩანს, სისხლის სამართლის დამნაშავეს თავისი მმართველობის ხანაში ერევა ამჟამინდელი მთავრობის მინისტრის მმართველობის სტილი. ასევე, შევახსენებთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა 2021 წლის მარტში. კინოხელოვანთა ერთი ჯგუფი, მათ შორის – რეჟისორი ნანა ჯანელიძე, მას დღემდე აკრიტიკებს ეროვნული კინოცენტრის რეფორმის გამო, რომელიც ამ ორგანიზაციის გამჭვირვალობასა და სამართლიანი კონკურსების მოდელის შემუშავებას ისახავს მიზნად. ფილმის – „იარე ლიზა“ – გადაღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაპირველად 2019 წელს დაფინანსდა (300 000 ლარი), მოგვიანებით კი კინოცენტრის ხელმძღვანელის – გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით კინოცენტრმა ფილმის გადაღებისთვის უკონკურსოდ გამოყო კიდევ 240 690 ლარი. 2020 წელს, იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, უშუალო ჩარევით ფილმისთვის დამატებით, ისევ უკონკურსოდ, გამოიყო 1 200 000 ლარი. სულ ფილმის გადასაღებად იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასა და კინოცენტრის ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძის, ხელშეწყობით გამოიყო 1 740 690 ლარი“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე თავისი პოზიცია დააფიქსირა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა: „ამ ფილმის ავტორი ქალბატონი დღეს ჩემგან “იცავს” ქართულ კინოს. ეს ფილმი არ მინახავს და ვნახავ აუცილებლად, ვინაიდან მინისტრი ამ ქვეყნის შვილია და მასაც აქვს უფლება, ჰქონდეს აზრი და ამ აზრის გამოთქმის თავისუფლება (ქალბატონო ნანა!). მით უმეტეს, რომ ბევრი წელი დავახარჯეთ ბევრმა ადამიანმა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეთქვა სიმართლე – რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს, ანწუხელიძე, სოფრომაძე და სხვები ოკუპანტმა მოკლა და ქართველების ეთნიკური წმენდა ჩაატარა, და რომ აფხაზეთი საქართველოა!!! ამ დროს, მე იუსტიციაში ვმუშაობდი, თქვენ კი ამ ფილმს იღებდით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ფილმი საპირისპიროს არ ამბობს იმისა, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა ჩვენზე, ქართველებზე და ჩვენს სიმართლეზე…მაგრამ ვნახავ და მექნება ჩემი აზრი. ჩემი აზრი თუ არ მოგეწონებათ, მერე მიმართავთ პრემიერ-მინისტრს ღია წერილით და მოთხოვთ მორიგჯერ, რომ გამაჩეროს (ასე გესმით თავისუფლება და შექსპირის სონეტები, არავიძემ რომ კარგად იცოდა)… და ვერ მიიღებთ სასურველ პასუხს.ის კი ვიცი, და ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდანაც ვისაუბრე წინა კვირაში, რომ ფილმი ჩაწყობით (!), უკონკურსოდ (!) დაიფინანსა რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ პრემიერ გახარიასგან. და ახლა ჩაწყობებზე აწყობილი კინოცენტრის რეფორმას უპირისპირდება. გასაგებია“, – წერს წულუკიანი.
ფილმის გუშინდელი ჩვენების ფოტოს წყარო – AMBEBI.GE