ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გაავრცელა, სადაც წერს რომ ის პოლიტიკიდან წავიდა. წერილის დასასრულს ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ოჯახის წევრებს.
“გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება. მჯერა, რომ “ქართული ოცნება“ დაიკავებს ღირსეულ ადგილს პოლიტიკური ოპოზიციის ავანგარდში და ეს პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. დღეს, როდესაც მე საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან და ვტოვებ საჯარო სივრცეს, მინდა ქედი მოვიხარო ქართველი ხალხის წინაშე. მე ისინი არასოდეს დამიყვია ჩემს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რადგან მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე თუნდაც დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ყველა ჩემს თანამოაზრესა და თანამებრძოლს, ვინც მენდო, ბრძოლაში გამომყვა და დღემდე ერთგულად ემსახურება საქართველოს. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის ქვეყნებს, უკლებლივ ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს, ვინც ურყევად მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს. დაბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუგონარი შეურაცხყოფა და ცილისწამება აიტანა, სალი კლდესავით მედგა გვერდში და ერთი წუთითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი არჩევანის სისწორე.კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას.ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო – საქართველო!”