ყველამ ვიცით, რომ ვიღაცა კიბოთია დაავადებული, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენ არ შეგვეხება. მაგრამ კიბოთი დაავადებულებიც ხომ ერთ დროს ასე მიიჩნევდნენ?..
ძალიან მნიშვნელოვანია, ყური უგდოთ ორგანიზმს და დაავადების პირველივე სიმპტომების დროს მიმართოთ ექიმს.
კიბოს საერთო სიმპტომები
დაბალი ჰემოგლობინი
ჰემოგლობინი გახლავთ ცილა სისხლში, რომელსაც ჟანგბადი გადააქვს ორგანოებში. ჰემოგლობინის მკვეთრი ვარდნა შესაძლოა ონკოლოგიის ნიშანი იყოს.
ტკივილი
ყველანაირ ტკივილს თავისი მიზეზი აქვს. მაგალითად, ზურგი არასწორი დატვირთვების გამო გვტკივა. თუ ტკივილი უმიზეზოა, დიდ ხანს არ გადის და წამლებიც არ შველის, უმჯობესია, ექიმთან მიღებაზე ჩაეწეროთ.
წონის მკვეთრი ვარდნა
ეს ნიშანი დაავადების გვიან სტადიებზე ჩნდება, მაგრამ შეიძლება ადრეც გაჩნდეს. თუ მკვეთრად დაიკელით წონაში, თანაც სტრესული სიტუაციები არ შეგქმნიათ, არ იცავდით დიეტას, ეს გახლავთ მიზეზი, მიმართოთ ონკოლოგს.
სისუსტე
ავადმყოფი ნაადრევ სტადიაზე შესაძლოა მალე იღლებოდეს ყოველდღიური სამუშაოს მერე, რაც ადრე არ შეინიშნებოდა. ეს ხდება იმის გამო, რომ სიმსივნე წამლავს ორგანიზმს, აიძულებს გამოიმუშავოს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და ცვლის ჩვეულ პროცესებს.
ხშირად ხდებით ავად
კიბოს წარმოშობისას ავადმყოფის იმუნიტეტი სუსტდება და ვერ უმკლავდება ვირუსებსა და ინფექციებს. თუ ხშირად ხდებით ავად, განსაკუთრებით თბილ ამინდში და არა კონდიციონერის გამო, ჩაიტარეთ გამოკვლევა.
სიყვითლე
ტოქსინებით მოწამვლის ან რაიმე მძიმე დაავადებისას, ღვიძლი თავის ფუნქციებს სრულად ვერ ასრულებს, მას სიმსივნე უშლის ხელს. ამის გამო იცვლება კანის ფერი, ხდება მოყვითალო. ხანდახან, დაავადებისას კანი მუქდება და თმა სწრაფად იზრდება.
კიბოს ადგილობრივი სიმპტომები
კანის გამაგრება
დამოუკიდებლად, ყველაზე იოლია მკერდის გამაგრების აღმოჩენა, დანარჩენ შემთხვევებში მხოლოდ ექიმი დაადგენს. თუ კანის ქვეშ გამაგრება იგრძენით, ჩაიტარეთ გამოკვლევა.
სისხლდენა
სისხლდენა – შინაგანი ორგანოების მუშაობის დარღვევის ნიშანია. სისხლი შეიძლება ხველის, ღებინების დროს გამოვიდეს. აუცილებლად მიაქციეთ ამას ყურადღება. ასევე, სილურჯეც შეიძლება ონკოლოგიაზე მეტყველებდეს. თუ სილურჯე რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გადის, ეს საეჭვოა.
ხველა და ჩახლეჩილი ხმა
ხველა და ხმის შეცვლა შესაძლოა მეტყველებდეს სასუნთქი სისტემის კიბოზე, განსაკუთრებით, თუ ხველას სისხლიც სდევს. რა თქმა უნდა, ასეთი სიმპტომები შეიძლება იყოს გამოწვეული ანთებითაა და ინფექციებით, მაგრამ უმჯობესია თავი დაიზღვიოთ და ექიმს მიმართოთ.
ხალების გადიდება
თუ ხალი უმიზეზოდ იზრდება, იცვლის ფორმასა და ფერს, ეს ცუდი ნიშანია, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. შესაძლოა, ეს ხალი კი არა, მელანომა იყოს, ანუ კანის კიბო. თუ კანზე უცნაური ნიშნები ან უსწორმასწორო ხალები გაგიჩნდათ, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გადის, მიმართეთ ონკოლოგს.
წყარო:მარაო