ლოცვა — რელიგიური პრაქტიკის სახე, რომლის დროსაც ინდივიდი ცდილობს ღმერთთან ან სულთან დაკავშირებას. ლოცვა შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური, რომელიც შეიძლება მოხდეს საზოგადოებაში ან კერძოდ. ლოცვისათვის იყენებენ სიტყვებს ან სიმღერას. არსებობს სხვადასხვა სახის ლოცვები — შუამდგომლობის, ვედრება, მადლიერების და დიდების. ლოცვა მიმართულია ღმერთისდმი, სულისადმი ან თუნდაც რომელიმე პიროვნებისადმი. ადამიანები ბევრი, განსხვავებული მიზეზების გამო ლოცულობენ.
ლოცვა ზოგჯერ სიტყვებთან, მუსიკასთან ან ჰიმნთან ერთად ფიზიკურ პრაქტიკასაც შეიცავს.
ყოველდღიური კავშირი ღმერთთან ლოცვისა და ფსალმუნების გზით განაქარვებს ყოველგვარ გულარძნილებას, მათ გეზს უვცვლის სიკეთისაკენ, თრგუნავს ხორციელ ვნებათაღელვას. იგი არის დასაბამი და განმამტკიცებელი ყოველი კეთილისა და განგვარიდებს ყოველგვარი ბოროტებისა და განსაცდელისაგან.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რამდენიმე წლის წინ შეასრულა ღვთისმშობლის ლოცვა, რომელიც პატრიარქის თქმით, სასურველია, ყოველდღე წავიკითხოთ.
“დედაო ღვთისა, გარდამოიხილე ჩვენზე და გვაცხოვნე ჩვენ! ყოვლად წმიდაო ღვთისმშობელო, პატრონო ივერიისაო, ბრწყინვალე ვარსკვლავო ცისკრისაო, მზეო ქვეყანისაო, აღმატებულო ანგელოზთაო, შემწეო ყოველთა დავრდომილთა და შეჭირვებულთაო, მამისაგან უფლის დედად გამორჩეულო და მფარველო ორთავ სოფლისაო, მოწყალე თვალით გარდამოიხილე შენ წილხვედრ მამულს – საქართველოსა ზედა და ურცხვთა ცოდვათა ჩვენთა შენდობა შესთხოვე ყოვლად წმიდისა სამებასა – მამასა, ძესა და სულსა წმიდასა. წყალობითა შენითა კვლავ აღგვადგინე, მშიერნი დააპურე, შიშველნი შემოსე, საპყრობილესა შინა მყოფნი განათავისუფლე და სიმართლის გზაზე დააყენე; უძლურნი განკურნე, მტირალთა ნუგეში ეც, ჭაბუკთა და ყრმათა სამხნე მიეც და სულიერად აღამაღლე, ასაკოვანნი სიბრძნით აღავსე და მათი შთამომავალნი კეთილ-დღეობით გაახარე.
დედაო მოწყალეო, მოგვეც სიმტკიცე რწმენისა. სასოება, შიში ღვთისა და შეუორგულებელი სიყვარული ეკლესიისა და მოყვასისა. ერთგულება მახვილისა და ქართული ენისა. მოგვმადლე გული წმინდა და სული წრფელი. გონება მახვილი და ღრმა. სხეული ჯანსაღი და უვნებელი. განამტკიცე ოჯახები ქართველთა და აკურთხე იგინი შვილთა სიმრავლით. აღავსე ბეღელნი ჩვენი პურითა და ვენახები ჩვენი – ყურძნითა. განამრავლნე მოსავალი მიწისა და მონაგები პირუტყვთა.
ღვთისმშობელო დედაო, შეცდომილნი ძენი და ასულნი ივერიისანი ჭეშმარიტების გზაზე დააყენე და უცხოეთში მყოფი ქართველნი სამშობლოში მშვიდობით დააბრუნე. მტრად მოსულნი უცხო ტომნი ჩვენს უვნებლად თვისა ქვეყანასა შინა განაწესე. ხოლო ჩვენ მკვიდრთა საქართველოისა მოგვეც ძალი ურთიერთთანადგომისა, რათა მწუხარეთა თანა ვტიროდეთ და შევეწეოდეთ მათ, ხოლო მხიარულთა თან ვიხარებდეთ. დედაო მარიამ, ერი ქართველთა, მთავრობა, მხედრობა და ეკლესია ჩვენი სულიერად შეჰკარ და აღდგენილსა მამულსა შინა ჩვენსა ერთ განუყოფელ სამწყვსოდ ღვთისა დაადგინე. ტაძრად შენ და ჰყავ საქართველო და ხილულ და უხილულ მტერთაგან კეთილ სურნელ იათა მახვილითვე მარად დაიცევ. მერმეცა გევედრები, რათა შეეწიო მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ჩვენთა ახლობელთა და წინაპართა და სულნი მათნი შენის მეოხებით სავანეთა მართალსა დააწესე.
განუზომელია წყალობა შენი ჩვენზედა. ღვთისმშობელო დედაო, დიდებასა და მადლობასა გწირავ შენ მეოხო ჩვენო, შენსა ფეხთაქვეშ განვაფენთ გულთა ჩვენთა და კანდლად აღგინთებთ ლოცვასა ჩვენსა. ზეცისა სასუფევლიდან ვიდრე საქართველომდე, ვითარცა ფიანდაზსა დაგიფენთ სიყვარულსა ჩვენსა და მთელის ქვეყნის ყვავილებით განვამშვენებთ მათ.
მუხლმოდრეკით შეგთხოვ, არ განმშორდე არც ჟამსა მას მეორედ მოსვლისა ძისა შენისასა და სრულიად საქართველო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მარჯვენით დაადგინე. რათა შენთანა ვიხარებდეთ და ვადიდებდეთ დამბადებელსა ჩვენსა, ყოველთა შემწყნარებელსა და სიყვარულსა დაუსრულებელსა, მამასა, ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!”