12 სექტემბერს „სამზარეულოს ომების ვარსკვლავური სეზონი 2023“ იწყება. ერთ-ერთი მონაწილე კი ეკა ბესელია გახლავთ, რაც მაყურებლისთვის დიდი სიურპრიზი იყო.
ეკა ბესელია: ეს ამბავი ჩემთვისაც დიდი სიურპრიზი იყო (იცინის). არასდროს მიმიღია მონაწილეობა არაპროფესიულ კონკურსში და შემოთავაზება, რომელიც ამ პროექტიდან მივიღე, ჩემთვის სრულიად განსხვავებული გამოწვევა აღმოჩნდა. მე არ მეშინია სიახლეებისა და გამოწვევების. რაც უფრო რთულია გამოწვევა, მეტად მიზიდავს, მაგრამ ეს სფერო ძალიან განსხვავებულია. კულინარია ძალიან შორს არის ჩემი საქმიანობის სფეროებისგან. თანამედროვე გასტრონომია კი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ კერძის მომზადების ხელოვნება. ამიტომ თავდაპირველად გადავწყვიტე, კარგად დავფიქრებულიყავი. არ დაგიმალავთ და პირველი, ვისაც აზრი ვკითხე, ჩემი შვილები იყვნენ. სამწუხაროდ, უდროობის გამო ვერ ვუყურებ ამ ტიპის გადაცემებს, ძირითადად, საინფორმაციოსა და პოლიტიკურ თოქ-შოუებს ვადევნებ თვალს და შვილებს ვკითხე, მათთვის თუ იყო საინტერესო ეს პროექტი და რას ფიქრობდნენ ჩემს მასში მონაწილეობაზე. აღმოვაჩინე, რომ „სამზარეულოს ომები“ მათი ერთ-ერთი საყვარელი გადაცემაა. „მიდი, დეე!“ – მითხრეს და ეს იყო ჩემთვის გადამწყვეტი (იცინის).
ალბათ, მთავარი მაინც ისაა, რომ ამ პროექტში საზოგადოება გაგიცნობს, თუ როგორი ადამიანი ხარ. კამერები იღებენ ყველაფერს და სამზარეულოში ფუსფუსისას, მოგეხსენებათ, ბევრი დეტალი ჩანს. აქედან გამომდინარე, აქ ვერ დაგინახავენ, როგორც იურისტს ან, როგორც ლექტორს, პროფესორს ან პოლიტიკოსს. მე ვფიქრობ, რომ საყურებლად ძალიან საინტერესო იქნება.
მოკლედ, ასე დაიწყო ეს ამბავი, თუმცა, არ მეგონა, თუ ასეთი აზარტული იქნებოდა (იცინის).
– საერთოდ, გაქვთ ეს თვისება?
– საერთოდ, არ მიყვარს აზარტული თამაშები, თუმცა, ბუნებით ვარ ადამიანი, რომელიც შუა გზაზე არასდროს ჩერდება. ჩემი თავი ამაში გამომიცდია. დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო. მე მომწონს ფინალში ყოფნა.
– ესე იგი, სერიოზული ამბიციები გაქვთ.
– არ ვიცი (იცინის). ძალიან მომწონს პროექტის კონცეფცია. აქ მხოლოდ კერძის მომზადება არ არის მნიშვნელოვანი. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელოვნებას, შენს აღქმას, ემოციებს და მე მომწონს შინაარსის მქონე კონკურსები. იმასაც აქვს მნიშვნელობა, როგორ ოჯახში გავიზარდე. ჩემს სახლში მუდმივად სტუმრიანობა და ფუსფუსი იყო. დედა სულ სამზარეულოში ტრიალებდა. მამა ცნობილი თამადა და გამორჩეული მასპინძელი იყო, რომელსაც ძალიან უყვარდა ოჯახში სტუმრების მიღება. ზომაზე მეტად სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა. ასე თუ ისე, ხომ არსებობს რაღაც საზღვრები, ჩვენთან ეს არ არსებობდა, დაუსრულებელი პროცესი იყო – სულ სუფრები, სტუმრები და მუდმივად მასპინძლის როლი. დედა 24 საათი მზად იყო. მამა რომ ეტყოდა, სტუმრები მომყავსო და ეს შეიძლება, 10- 15 ადამიანი ყოფილიყო, დედას შეეძლო, უსწრაფესად გაეშალა სუფრა. სხვათა შორის სულ ვამბობდი, რომ დედა იყო ჩვენი სამზარეულოს ბატონ-პატრონი. განაგრძეთ კითხვა
წყარო – tbiliselebi.ge