საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, საჯარო სკოლის მოსწავლეებს სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ. თუმცა, შეღავათი კერძო სკოლების მოსწავლეებზე არ ვრცელდება და მშობლებს უწევთ, წიგნები ყოველწლიურად შეიძინონ. რაც უფრო მაღალ კლასში გადადის ბავშვი, სახელმძღვანელოების რაოდენობა და ფასი კიდევ უფრო მეტად იმატებს და რამდენიმე ასეული ლარის წიგნების ერთდროულად შეძენა მშობლებისთვის დიდი გამოწვევაა. ამ თემაზე უკმაყოფილება არაერთმა ადამიანმა გამოხატა.
მშობლებს ვკითხეთ, რა უჯდებათ წელს შვილებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა:
“150 ლარი, მინიმუმ, მხოლოდ წიგნები.”
“გააჩნია კლასს, მე-3 კლასი – 570 ლარი, მე-7 კლასი – 780 ლარი.”
“მე-2 და მე-7 კლასელი ბავშვებისთვის 700 ლარი.”
“მე-6 კლასელი მოსწავლის წიგნები 205 ლარი.”
“400 ლარამდე დაგვიჯდა, მე-9 კლასელისთვის.”
“ვყიდულობთ და წელს იყო არაადეკვატური ფასები, 450 ლარამდე დაგვიჯდა.”
“ისე კი მაინტერესებს, საჯარო სკოლის მენდელეევის სისტემას რა დაუმატეს ასეთი, კერძო სკოლაში რომ ასმაგი ღირს?!”
“კერძო სკოლა რა შუაშია, საჯაროებში ისეთ დაგლეჯილ წიგნებს არიგებენ, თითქმის ყველას ვყიდულობთ.”
“მე-6 და მე-8 კლასელი ბავშვების სახელმძღვანელოებისათვის 690 და 660 ლარი გადავიხადეთ.”
” მე-10 კლასის წიგნები 449 ლარის გამოდის და თქვენც ამდენი გააქვთ? ცოტა შოკში ჩავვარდი.”
“მეხუთე კლასის, სადღაც, 650-მდე გამოვიდა და სიცოცხლე აღარ მინდა.”
“სამი ბავშვის წიგნებში 1000 ლარამდე გადავიხადე. შოკში ვარ.”
“ზუსტად 410 გადავიხადე მარტო წიგნებში.”
“8000 ლარს რომ სკოლის გადასახადს იხდი, ფასი ადეკვატურია ნამდვილად.”
თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში, რომელშიც უკვე მრავალი წელია, სასკოლო სახელმძღვანელოები იყიდება, ვიკითხეთ, როგორია წელს წიგნების ფასები გასულ წლებთან შედარებით და დაახლოებით, რა ჯდება სტანდარტული კომპლექტების შეძენა.
“წელს ზოგიერთმა გამომცემლობამ სახელმძღვანელოების ფასი გაზარდა, ნაწილმა კი დაახლოებით იგივე დატოვა, რაც შარშან იყო. ცვლილება ძირითადად იმ წიგნებს შეეხო, რომლებსაც ახლა მიანიჭეს გრიფი. მაგალითად, წინა წელს “მე მიყვარს მათემატიკა” 25 ლარი ღირდა, წელს გრიფი რომ მიიღო, უკვე 39 ლარი გახადეს. ძირითადად, კერძო სკოლის მოსწავლეების მშობლები მოგვმართავენ. ინგლისურის სახელძღვანელოებია ძვირი და ზოგიერთს უჭირს შეძენა. მაღალი კლასების სახელმძღვანელოები გაცილებით მეტი ჯდება. საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებიც მოგვმართავენ, თუმცა ხშირად არა – უფრო მეტად მაშინ, თუ მასწავლებელი დამატებით, კლასგარეშე სახელმძღვანელოს, რვეულს ითხოვს, ან კიდევ მაშინ, როცა ბავშვი წიგნს დაკარგავს.სტანდარტული კომპლექტები მაღალი კლასებისთვის, დაახლოებით, 300-360 ლარი მაინც ჯდება, დაბალი საფეხურის წიგნები 120 ლარამდე, მე-5-მე-6 კლასის სახელმძღვანელოები 170 ლარი, თუმცა ავტორების მიხედვით, სხვადასხვა ფასია. გააჩნია იმასაც, სად ყიდულობენ მშობლები წიგნებს. გვქონია შემთხვევები, როცა, მათ უთხრეს, რომ 20%-ს უკლებდნენ, სინამდვილეში კი ხელოვნურად გაზრდილი ფასები ჰქონდათ მაღაზიებს და ჩვენთან რომ გადაამოწმეს, 140 ლარით ნაკლები მაინც გამოსდიოდათ.” – გვითხრეს მაღაზიაში, რომლის გამყიდველმაც ვინაობის გასაჯაროვება არ ისურვა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წლისთვის კერძო სკოლებში 63 658 მოსწავლე ირიცხებოდა, საჯარო სკოლებში კი – 569 644 მოსწავლე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით 55 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო.
წყარო:მშობლები