ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.
“დღეს დილიდან მე და ჩემი სიყრმის მეგობარი (კოლეგა და თანაკურსელი) ზვიად ხუჯაძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, აგერ ჩატში დიდი ხანია სიყვარულს ვუხსნით ერთმანეთს. როცა დაბრუნდება, როგორ დავბერდებით ერთად, როგორ გავუფრთხილდებით ერთმანეთს და ჩვენს ამდენი ხნის მეგობრობას. მერე ვიბაჩუნებთ თეატრში, გალერიებში, ფურშეტიან ღონისძიებებზე. მერე სულ ბაღის კიდეზე ვიქნებით ჩამომჯდარი, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში და გავლანძღავთ ყველას, ვინც გაივლის და გამოივლის, გავლანძღავთ მთავრობას, მერიას, ახალგაზრდობას. ხანდახან ადგილობრივი ტელევიზია გამოივლის ასაკიანი ხალხის ინტერვიუს ჩასაწერად. ორივე მივცემთ ინტერვიუს და მერე იმ ჟურნალისტს თვალს გავაყოლებთ..“რა აცვია ახლა ამას, პატრონი არ ყავს?“… მერე ჩვენი ინტერვიუებიდან ზვიადის კარგა მოზრდილ სინქრონს ჩასვამენ, მე ძალიან ცოტას. ამის გამო ერთმანეთში ვიკამათებთ. მერე ზვიადი წყობიდან გამოვა (ისედაც ყველა ასაკში უჭერდა ნერვები) და ხელჯოხს ჩამცხებს. ავდგები და იმნაირს ჩავცხებ სულ პროტეზების ჭახა-ჭუხი ატყდება და ასე ვასეირებთ მთელს ქუთაისს…
ამ წუთებშიც ისეთი გააფთრებული ბრძოლა გვაქვს ჩატში, ალბათ მივაბლოკავთ ერთმანეთს”