მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი განვლილ ცხოვრებას აფასებს და ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი თავისი შემოქმედებაა, რაც გარდაცვლების შემდეგ მსმენელს დარჩება.
„ჩემი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გადამხდა თავს, სიხარულიც და ტკივილიც, ბედნიერებაც და სევდაც, წარმატებაც და შეცდომებიც… მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: ყველა, სულ ყველა, ვისაც ვიცნობ და ვისაც არ ვიცნობ, მაგრამ ერთხელ მაინც დაუკრავთ ტაში ჩემთვის და ჩემი ორკესტრისათვის, ძალიან მიყვარს, ძალიან ძვირფასები არიან!
ჰო, ხშირად არ ვპასუხობ სატელეფონო ზარებს, ზოგჯერ ვაგვიანებ რეპეტიციაზე, ხანდახან მეგობრებისთვის ნაკლებად მისაღებ გადაწყვეტილებებს ვიღებ ან უბრალოდ გულში ვიტოვებ იმას, რისი თქმაც და გამოხატვაც მერიდება. ერთი რამ მინდა იცოდეთ ყველამ: ერთი წამით არ დამენანება სიცოცხლე თუ საპირწონედ თქვენი კარგად ყოფნა იდგება. ამას ვამბობ ღმერთის წინაშე გულწრფელად.
არასდროს ვუფრთხილდებოდი ჯანმრთელობას. 11 ოპერაცია გადავიტანე, საკმაოდ რთული, კლინიკური სიკვდილის ჩათვლით, არასდროს ვუფრთხილდებოდი საკუთარ სახსრებს…
ბევრჯერ მითქვამს უარი მნიშვნელოვან შემოთავაზებებზე…
რაღაცას ვნანობ, რაღაცით ვამაყობ, რაღაც მიხარია, ზოგჯერ მწყინს, მაგრამ ერთი რამ არის, რაც მაცოცხლებს – ყველაფერში მინდა სიკეთის და დადებითის დანახვა, ყოველთვის ვცდილობ განსხვავებული აზრის გააზრებას და ყოველთვის ვიბრძოლებ, რომ ჩემი გონება სიცოცხლის ბოლომდე ჩემი გულის ტყვედ დარჩეს!
და როდესაც აღარ ვიქნები ერთადერთი, რაც მაიმედებს არის ჩემი მუსიკა, რომელიც მინდა, ისეთი შევქმნა, რომ მერეც ჟღერდეს.
ეს საკუთარი თავისთვის მიცემული ყველაზე რთული დავალებაა და უკანასკნელ ღამეს სახლში დედაჩემის ცხედართან მარტოდ დარჩენილი მის სულს ეს შევეხვეწე…
თქვენ კი ყველას გისურვებთ მშვიდობას და განუზომელ სიკეთეს თქვენში, თქვენით და თქვენთვის!”- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში მუსიკოსი.