ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტებით მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს უფასოდ შეუძლიათ ისარგებლონ.
პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას:
გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
დიაბეტი (ტიპი II);
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
ეპილეფსია;
პარკინსონის დაავადება.
ხოლო აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლია შემდეგ კატეგორიას:
პირი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს;
მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან);
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი);
ვეტერანი;პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქე;ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქე;
გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.
რაც შეეხება წლიურ ლიმიტს, სახელმწიფო ყოველწლიურად გამოყოფს გარკვეული ოდენობის თანხას და მოქალაქეებს იმ თანხის ფარგლებში შეუძლიათ უფასოდ შეიძინონ განსაზღვრული მედიკამენტები. უფრო ზუსტად კი, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებებისთვის 200 ლარია გამოყოფილი, ფილტვის ქრონიკული დაავადებებისთვის – 300, დიაბეტი (ტიპი II) – 40 ლარი, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები – 20 ლარი, პარკინსონის დაავადებისთვის – 400 ლარი, ხოლო ეპილეფსიისთვის – 300 ლარი.
როგორ უნდა მიიღოს მოსარგებლემ მედიკამენტი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში?
პროგრამული მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტში ბენეფიციარის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ექიმის მიერ ელექტრონული რეცეპტის მოდულში, სადაც ხდება პაციენტის პირადი ნომრით იდენტიფიცირება, შესაბამისი დაავადებათა ჯგუფის და დიაგნოზის არჩევის შემდეგ მედიკამენტის გამოწერა.
ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი აისახება სააფთიაქო ქსელში. ამის შემდგომ, პაციენტს შეუძლია გაიტანოს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი პროგრამაში ჩართული ნებისმიერი სააფთიაქო ქსელის ფილიალიდან. მედიკამენტის მისაღებად, ბენეფიციარმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროგრამაში ჩართული ფარმაცევტული დაწესებულებებია: პსპ, ჯიპისი, ფარმადეპო, ავერსი.
პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
გარდა ამისა, დაფინანსების შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას გაეცანით ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე. ხოლო, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 15 05.
გარდა ამისა, თბილისის მერია სოციალურად დაუცველი პენსიონერებისათვის მედიკამენტების შესაძენად 500-ლარიან ვაუჩერს გამოყოფს. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით თბილისში რეგისტრირებულ საპენსიო ასაკის პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს.
აღსანიშნავია, რომ 500-ლარიანი ვაუჩერი შეუძლიათ ერთი წლის განმავლობაში მრავალჯერადად გამოიყენონ, იქამდე, სანამ ეს თანხა არ ამოიწურება.
როგორ უნდა მიიღოს პირმა მომსახურება?
კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეპროგრამაში პირის ჩართვა ხდება ავტომატურად. მედიკამენტის მისაღებად პირმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს:
სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ექიმის მიერ ელექტრონულ მოდულში ფორმა №IV100/ა-ის ატვირთვის შემდგომ, მოსარგებლე პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ავტომატურად მიიღებს მოთხოვნის უნიკალურ კოდს და მოთხოვნის ფორმის ბეჭდურ ვარიანტს;
პროგრამის მოსარგებლე ან მისი წარმომადგენელი, მიმართავს აფთიაქს და პირადობის მოწმობასთან ერთად წარუდგენს უნიკალურ კოდს და მოთხოვნის ფორმას;
აფთიაქი გასცემს პროგრამის მოსარგებლისთვის ელექტრონულ მოდულში ექიმის მიერ რეგისტრირებულ მედიკამენტებს;
უნიკალური კოდის გამოყენება შესაძლებელია მისი მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღის
ხოლო, იმ კლინიკების ჩამონათვალი, სადაც შეგიძლიათ, მიხვიდეთ და ექიმს სასურველი პრეპარატების გამოწერა სთხოვოთ, შეგიძლიათ იხილოთ ვრცლად:
დამატებითი შეკითხვებისთვის კი შეგიძლიათ მიმართოთ ქალაქ თბილისის მერიას ცხელ ხაზზე: 272 22 22