გუშინ ღამით გურიაში უხვი ნალექი მოვიდა, რამაც ლანჩხუთისა და ოზურგეთის სოფლებში მეწყერის ჩამოწოლა და წყალდიდობა გამოიწვია.
სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. ერთ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.
გურიაში მოსული გუშინდელი ნალექის მონაცემების, სტიქიებთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკასა და მეტეოროლოგიური ცენტრების სისტემის საკითხზე „მეტრონომი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მეტეოროლოგს, კობა ფარტენაძეს, ესაუბრა.
სტიქიური მოვლენა მოსალოდნელი იყო. გუშინ გაფრთხილება დაიწერა, რომ დროის მოკლე მონაკვეთში, 19:00 სთ-დან დილის 10:00 საათამდე, ძირითადად, დასავლეთში, მოსალოდნელი იყო ძლიერი წვიმა, რასაც შეიძლება სტიქიური პროცესების მაღალი ალბათობა შეექმნა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, ღამის განმავლობაში 130-დან 140 მილიმეტრამდე ნალექი იყო მოსალოდნელი სუფსის ტერიტორიაზე, რაც არის საშიში კატეგორიის ნალექი.
ბუნებრივია, ეს ვერ ჩაივლიდა უკვალოდ და გამოიწვია კიდევ მდინარეების ადიდება და მეწყრული პროცესების განვითარება.
ამ რაოდენობის ნალექი, ბოლო 10 წლის განმავლობაში, არ დაფიქსირებულა. ეს იყო ინტენსიური, დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში მოსული ნალექი.რაც შეეხება მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანის საკითხს, ნახეთ, როგორ ხდება: თუ აშშ-ს რომელიმე რეგიონის სტიქიური პროცესის პროგნოზი იწერება და ქალაქის დაცლის ბრძანება გაიცემა, იქ ძალიან დიდი ტერიტორიაა და, შესაბამისად, ეს იქ აუცილებლად მოხდება; აი, ჩვენთან კი დაიწერა, რომ დასავლეთ საქართველოში უხვი ნალექი იყო მოსალოდნელი, მაგრამ კონკრეტული ლოკაციის განსაზღვრა ვერ ხდება, რადგან იმდენად პატარა ტერიტორიაა, ვერ ზუსტდება, ეს ჩაქვში მოხდება, ქობულეთში, ბათუმში თუ სუფსაში.
ამდენად, სახელმწიფო პოლიტიკა მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, სტიქიის შემდეგ, პროცესის დაწყების შემდგომ, უნდა იყოს ძალიან სწრაფი. ზუსტად ვერ გეტყვით, როდის ჩაერთნენ გურიაში სამაშველო სამსახურები საქმეში, რადგან მე უფრო ამინდს ვაკვირდები, ვიდრე იქ მიმდინარე პროცესებს. დეტალები არ ვიცი.
ბუნებრივია, როცა სტიქიური პროცესის განვითარების მაღალი ალბათობაა, მობილიზება აუცილებელია.
რაც შეეხება მეტეოროლოგიური ცენტრების თემას, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ყველა რაგიონში აქვს ავტომატური სადგური, საიდანაც ავტომატურ რეჟიმში იგზავნება თბილისში ქარის, ნალექისა და ა.შ. შესახებ ინფომაციები. ასევე აჭარას ჰყავს თავისი ჰიდრომეტდეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც თბილისის დაქვემდებარებაში არიან. ისინი უფრო შტორმულ პროცესებზე წერენ.
დასავლეთ საქართველოში მდინარეების ადიდების, ასევე ქარისა და მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროება კვლავ არსებობს ზეგ დილამდე.
– განაცხადა კობა ფარტენაძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.