საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. მათ შორის მეტყველების თვალსაზრისით. მან უკვე პირველი სიტყვა წარმოთქვა.
როგორც 2020NEWS-ს გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა, იმ დაზიანების ფონზე, რაც მას თავდასხმის დროს მიაყენეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება და რეაბილიტაცის პროცესი კიდევ არაერთი თვე გაგრძელდება.
„ცოტნე თავს უკეთ გრძნობს, მისი რეაბილიტაცია გრძელდება და კიდევ არაერთი თვე გაგრძელდება, სამწუხაროდ. პროგრესი მუდმივად გვაქვს, მაგრამ ძალიან ნელი, რაც მოსალოდნელიც იყო ამხელა დაზიანებების მიღების შემდეგ (საერთოდ რომ ცოცხალია, ისიც სასწაულია). თუმცა, ფაქტი, რომ პროგრესი უწყვეტია და ცოტნეს გონება ნათელი, ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს. რაც მთავარია, ორი პროგრესის შემაფერხებელი პრობლემა მოვაგვარეთ – დავხურეთ ტრაქეოსტომა და ჩავატარეთ ბოლო ნეიროქირურგიული ოპერაცია – იმპლანტების ინსტალაცია. ცოტნე უკვე ლაპარაკს ცდილობს, ჯერჯერობით ბგერებით და მარცვლებით. წარმოთქვა პირველი სიტყვაც. ასე რომ, ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ გამარჯვებამდე, რისთვისაც, საბედნიეროდ, ამ ყველაფრის დამფინანსებელი ფონდი ,,ქართუც’’ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს“, – განუცხადა სააგენტოს ჯაბაურმა.
ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული 2 პირი, 3-ს კი ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.
წყარო: resonancedaily.com