ოჯახის წევრების ქონების შესახებ განცხადება ჯინდი ბაღათურიამ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა და ამან პრეზიდენტი ისე გააბრაზა, რომ ჯერ, ბაღათურიას დაემუქრა, შემდეგ კი სხდომათა დარბაზიდან გაიქცა. ბაღათურიას ამ განცხადების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა პრეზიდენტისთვის თავის მოწონება იმით სცადეს, თუ ვინ უფრო მეტად გალანძღავდა ბაღათურიას.
ამის შემდეგ ბაღათურია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და საკუთარი განცხადების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. გუშინ კი საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც იმ სქემებზე ისაუბრა, რომლითაც პრეზიდენტის ოჯახი ფულს შოულობს.
„საქართველოში ორი მონოპოლისტური კლანი ჩამოყალიბდა. ერთს თურქული კაპიტალით პრეზიდენტის დედა ხელმძღვანელობს, მეორეს -რუსული კაპიტალით ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე“, – განაცხადა ბაღათურიამ.
დეპუტატის თქმით, გიული ალასანია, რომელიც 2004 წლამდე რიგითი მეცნიერი იყო, სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, საქართველოს უნივერსიტეტს აფუძნებს, სადაც გიული ალასანიას და მანანა სანაძეს, რომელიც ბაღათურიას თქმით, ალასანიას მეგობარია, თითოეულს 37.5 პროცენტიანი წილი აქვს, 12,5–12.5 პროცენტი კი პრეზიდენტის ბიძაშვილს, ნიკოლოზ ალასანიას და ედუარდ რობერტ რაუპს ეკუთვნით.
ბაღათურიამ პრეზენტაციაზე სლაიდები და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი წარმოადგინა, რომლიც გიული ალასანიას მიერ სხვადასხვა დაწესებულების ფლობას ეხება. იგი პრეზიდენტის დედის კიდევ რამდენიმე სასწავლებელთა კავშირის შესახებ საუბრობს. მან წარმოადგინა რეესტრიდან ამონაწერი, რომლის მიხედვით, შპს საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო სკოლის (საქართველოს უნივერსიტეტი მისი 100 პროცენტიანი წილის მფლობელია) დირექტორები გიული ალასანია და მანანა სანაძე არიან, ხოლო მისი 100 პროცენტიანი წილის მფლობელი საქართველოს უნივერსიტეტია.
კიდევ ერთი – შპს საქართველოს უნივერსიტეტის სპორტული სკოლის (ასევე 100 პროცენტით საქართველოს უნივერსიტეტის მფლობელობაშია) დირექტორები გიული ალასანია და მანანა სანაძე არიან. საქართველოს უნივერსიტეტის სასწავლო ავეჯიც, ამავე უნივერსიტეტის მფლობელობაშია. შპს კაფე „ხადილი“, რომელიც ბაღათურიას წარმომადგენელთა დაკვირვებით, ყოველდღიურად დაახლოებით 1000–1500 სტუმარს მასპინძლობს, ასევე საქართველოს უნივერსიტეტის მფლობელობაშია.
ჯონდი ბაღათურიამ ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის შესახებაც ისაუბრა. მან წარმოადგინა რეესტრიდან ამონაწერი, რომლის მიხედვით, მასში საქართველოს უნივერსიტეტის წილი 14 პროცენტია. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯერ კიდევ პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენისას, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას წარმოადგინა პრეზიდენტის განკარგულება, რომლის მიხედვით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომლის დამფუძნებელი და პრორექტორი გიული ალასანიაა, პრეზიდენტმა თავისი განკარგულებით, 10 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი გადასცა.
ბაღათურიას თქმით, სწორედ შავი ზღვის უნივერსიტეტი არის რგოლი, რომლითაც პრეზიდენტის ოჯახი უცხოურ კაპიტალს უკავშირდება. როგორც დეპუტატი მიიჩნევს, უცხო ქვეყნის კაპიტალთან პრეზიდენტის ოჯახის კავშირი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია.
„ამ სქემის უკან თურქი მოქალაქე ფეთჰულაჰ გიულენი დგას, რომელიც საკუთარ ვებ-გვერდზე (მისი ვებ-გვერდი ქართულ ენაზეც არის გაკეთებული) თავს ისლამის მქადაგებელს უწოდებს. ის რადიკალური ისლამისტური დაჯგუგების მონაწილეა და ამის გამო თურქეთში არაერთთგზის იყო დაკავებული“, – ამბობს ბაღათურია.
დეპუტატის თქმით, გიულენი მდიდარი ადამიანია და მისი ბიზნესკომპანია „ჩაღლარი“ შავი ზღვის უნივერსიტეტში ფინანსური კაპიტალით არის შესული. როგორც გიულენის ვებ-გვერდზე არის აღნიშნული, შავი ზღვის უნივერსიტეტში „ჩაღლარის“ ინვესტიცია სამაგალითოა.
გარდა ამისა, ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ ეს კომპანია საქართველოში რამდენიმე სასწავლო დაწესებულებას ფლობს, ესენია: დემირელის სახელობის საბავშვო ბაღი; თბილისის სკოლა–ლიცეუმი „სხივი“; ბათუმის რ.შაჰინის სახ. დაწყებითი სკოლა; ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის დაწყებითი სკოლა; რუსთავის რუსთაველის სახელობის სახელოვნებო დაწყებითი სკოლა; ბათუმის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი; დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი; ნიკოლოზ წერეთლის სახ. საერთაშორისო სკოლა; ბათუმის რ. შაჰინის სახ. დაწყებითი ლიცეუმი; ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმი; რუსთავის რუსთაველის სახელობის ლიცეუმი; მარნეულის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი.
„16–მდე საგანმანათლებლო ორგანიზაციის ხელში ჩაგდება პრეზიდენტის დედამ მხოლოდ, მას შემდეგ მოახერხა, რაც სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა,“ – ამბობს ბაღათურია, – „ჩაღლარი,“ როგორც კაპიტალი, იდეოლოგი გულენი და პრეზიდენტთან დამაკავშირებელი რგოლი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანიაა.
მისი თქმით, ფეთჰულაჰ გულენი თურქეთის ხელისუფლებამ არაერთგზის დააპატიმრა. ამჯამად კი ძებნილი არ არის. თუმცა ამის მიუხედავად, ქართველი სამართალდამცავები მისი საქმით უნდა დაინტერესდნენ.
„საქართველოში თურქული თუ ირანული კაპიტალის შემოსვლას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ როცა უცხო ქვეყნის ფული რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებასთან დაკავშირებული საეჭვო პირის გზით შემოდის, ეს უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია“, – აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.
ამასთან, მისი თქმით, ქვეყანაში 2 მონოპოლისტური კლანი ჩამოყალიბდა. „ერთს თურქულ კაპიტალთან ერთად გიული ალასანია, ხოლო მეორეს რუსულ კაპიტალთან ერთად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე ხელმძღვანელობს“.
„ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის წევრთა კორუფციულ საქმიანობას შეისწავლის,“ – ამბობს ჯონდი ბაღათურია.
რამდენიმე თვის წინ,ექსპრეზიდენტმა, უკრაინის ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე დედის ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. ვიდეომიმართვაში გიული ალასანია უკრაინელ ჟურნალისტს სერგეი პოიარკოვს პასუხობს, რომელმაც ტელეკომპანია Zik-ის ეთერში ეჭვები გამოთქვა კიევში სააკაშვილის მშენებარე სახლის ფინანსებთან დაკავშირებით. მისი თქმით, სააკაშვილის დედას „რომ არ ეჭამა, ესვა და საპირფარეშოში არ შესულიყო, ასეთი მდიდრული სახლის უფლებას თავს მაინც ვერ მისცემდა“.
გიული ასალანიამ განმარტა, რომ სახლი არც ისე დიდია და მისი ხელფასი კი თვეში 10 ათასი დოლარია.
ახლახანს გავიგე, რომ ვინმე პოიარკოვს ეჭვი გამოუთქვამს, რომ ნაკვეთი რომელზეც ეს სახლი დგას ჩემი ნაყიდია. საქმე ისაა, რომ მე პროფესორი ვარ, საქართველოში ერთ-ერთი უმხვილესი კერძო უნივერსიტეტის University of Georgia-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი. უკვე დიდი ხანია ჩემი თვიური ანაზღაურება საშუალოდ 10 ათასი დოლარია. ეს ნაკვეთიც სულ ათასი კვადრატული მეტრია, სამი წელია სახლი შენდება, რომლის ფართობიც სულ 100 კვადრატულია, ეს სრულიად მომცრო სახლია, და ვფიქრობ სრულებით შემეძლო ასეთი სახლის ქონის უფლება მიმეცა ჩემი თავისთვის. მთელი ცხოვრება პატიოსანი შრომით ვცხოვრობ, ამასვე აკეთებდა ჩემი ვაჟიც. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არავის მივცემ მისი და ჩემი ცილისწამების უფლებას“, – აცხადებს გიული ალასანია მიმართვაში.
მიხეილ სააკაშვილმა ეს მიმართვა შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა „სალამი პოროშენკოს ნაბიჭვარს პირდაპირ დედაჩემისგან“. სააკაშვილმა 2018 წელს განაცხადა, რომ „დედამ თბილისის ცენტრში მდებარე მშობლების სახლი გაყიდა და კიევში პატარა ნაკვეთი იყიდა“.
წყარო: digest.pia.ge