შოვში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიიდან 11 დღე გავიდა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დრომდე იდენტიფიცირებულია 24 გარდაცვლილი. მაშველები კიდევ 9 ადამიანს ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან ზაზა მესხი და მისი სამი შვილი. ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ გარდაცვლილებს შორის ნახეს ზაზას მეუღლე, უკრაინელი ჟურნალისტი ალინა პოლიკოვსკა.
როგორც ცნობილია, ზაზა მესხი უწერაში დასასვენებლად მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. 3 აგვისტოს ისინი შოვის დასათვალიერებლად ავტომობილით გავიდნენ, რის შემდეგაც მათთან კომუნიკაცია ვეღარ მოხერხდა.
დაკარგული სამი შვილიდან ორი – ზაზა მესხს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ყოფილი მეუღლე სინტა დეპონტი ტრაგედიის მეორე დღეს უფროს შვილთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში და მას შემდეგ ყოველდღიურად აქვეყნებს ინფორმაციას სოციალურ ქსელში, თუ როგორ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ოჯახი მომხდარს სტიქიურ უბედურებას აბრალებს და ხელისუფლებაზე ზეწოლა საზოგადოებამ იმ კუთხით უნდა მოახდინოს, რომ საშიშ ზონებში ადრეული გაფრთხილების სისტემები დაამონტაჟონ.
“რთული საუბარი გვქონდა ნათესავებთან. ჩვენ ყველანი ემოციურები ვართ და ეს არ აადვილებს გადაწყვეტილების ერთად მიღებას.
ადრეც აღვნიშნე, რომ ზოგს უნდა მომხდარში დამნაშავეების პოვნა და მათი დასჯა. ჩვენთვის ის, რაც მოხდა, იყო ისეთი სტიქიური უბედურება, რომელიც ხდება მთებში, სადაც დედაბუნება შეიძლება იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე ყველაფერი, რაც ადამიანს შეუძლია გამოიგონოს.
თუკი ქმედება თქვენთვის ტკივილთან გამკლავების გზაა, ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც მე ვფიქრობ და ნამდვილად სასარგებლოა, შეიძლება იყოს მხარდაჭერისა და ექსპერტიზის მობილიზება ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებისთვის (და ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ მიიღონ და განახორციელონ ეს). ამას შეუძლია წვლილი შეიტანოს იმაში, რომ მომავალში სხვების სიცოცხლე გადარჩეს. ჩვენ ვერ შევცვლით იმას, რაც უკვე მოხდა…” – წერს ის.
შეგახსენებთ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში მყინვარზე კლდეზვავური მასა ჩამოიშალა, რის შემდეგაც, შესაძლოა, მყინვარის ქვეშ დაგუბებულმა წყლებმა გამოხეთქა. ნაკადი დიდი სიჩქარით დაიძრა, მდინარე ბუბისწყლის კალაპოტის ორივე მხარეს გამორეცხა ფერდობების ძირი და შეიერთა დამატებითი მეწყრული სხეულები. მასა მძლავრ ტალახ-ქვიან ღვარცოფულ ნაკადად იქცა და ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, ასე 8-10 წუთში, დაახლოებით 15:15 საათზე, მან დაარტყა შოვს. მომხდარმა სტიქიამ 26 ჰექტარი ტერიტორია დაფარა.
წყარო: ambebi.ge