სოციალურ ქსელში მოქალაქე მამუკა ბიჭაშვილი ისტორიას იხსენებს:
“ერთ ამბავს მოგიყვებით.. შოვიდან ევაკუაციის დროს რაც მოვისმინე უცხო კაცისგან. უწერაში მჟავე წყალთან შევაჩერე მანქანა. წყაროსთან ახალგაზრდა კაცი, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად იყო ჩამომჯდარი… გამარჯობის ნაცვლად ვუთხარი, შოვისკენ თუ აპირებთ ასვლას ნუ წახვალთ საშინელი სტიქია მოხდათქო. რაღაც პერიოდი არცერთმა არ გამცა ხმა.
წყალი რომ შევავსე ბოთლში და მანქანისკენ დავიძარი, ეს კაცი მეუბნება, ძმაო ერთ ამბავს გეტყვიო: ჩვენ “სანსეტ შოვში” დავბინავდით რამდენიმე დღის უკან და გუშინ საღამოს რატომღაც ავიჩემე მრავალძალში წასვლა-მოლოცვაო. ჩემი მეუღლე კი მეწინააღმდეგებოდა, წადი, მოილოცე რამდენიც გინდა, მე და ბავშვები აქ მაინც დაგვასვენეო..ერთხანს კი დავთანხმდი, მაგრამ ამ დილით არაფრით არ დავტოვე და მაინც ყველანი წამოვიყვანე მრავალძალშიო. ახლა, უკანა გზაზე, ფეისბუკიდან გავიგეთ რომ ის ტერიტორია, სადაც ჩვენ ბავშვებთან ერთად ვსეირნობდით, მთლიანად წაუღია ღვარცოფსო… დასკვნას შენ თვითონ კი გამოიტან ჩემი მონაყოლიდანო. საუბრის აქცენტით აშკარად აჭარელი კაცი იყო. რაღა უნდა მეპასუხა?! დავემშვიდობე მათ ოჯახს და წამოვედი. მის მეუღლეს თვალები ისე ქონდა გაყინული, ჩემი არც მისვლა გაუგია და არც დამშვიდობება მგონი” – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე.