სასტუმრო “სანსეტ შოვის“ მმართველი კომპანიის წარმომადგენელი ანა მურადაშვილი სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სასტუმროდან პირველ რიგში კახი კალაძის ოჯახის ევაკუირება მოხდა.
ანა მურადაშვილი, რომელიც სტიქიის დროს თავადაც “სანსეტ შოვში“ იმყოფებოდა, რუსთავი 2-თან ამბობს, რომ თბილისის მერის ოჯახმა სასტუმრო გუშინ, ჯერ კიდევ სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საკუთარი ავტომობილით დატოვა.
„კახი კალაძის ოჯახის წევრები ნამდვილად იყვნენ ჩვენი სტუმრები, თუმცა მათ სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს სასტუმრო. ამ დრომდე ჰქონდათ მათ ჯავშანი და 12:00 საათისთვის უკვე მოხდა ჩექაუთი. ისინი ჩვეულებრივ საკუთარი ავტომობილით გაემგზავრნენ.
რაც შეეხება უკვე სტიქიის შემდგომ პერიოდს, მე პირადად ვიყავი ადგილზე, სულ ვიმყოფებოდით 40 ადამიანი, პერსონალის და სტუმრების ჩათვლით, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. ვერტმფრენი რომ მოვიდა, პირველ რიგში მოხდა იმ ადამიანების ევაკუაცია, რომელთაც გადაუდებელად ესაჭიროებოდათ დახმარება, შემდეგ კი გამოგვიყვანეს სხვები. ამჟამად ყველა უვნებლად არის და საბედნიეროდ, მშვიდობიანად გამოვედით“, – ამბობს ანა მურადაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სოფელი ფაქტობრივად სრულად გაანადგურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით, სტიქიის ზონიდან სულ გადმოყვანილია 210 ადამიანი.