ესკალატორს იმდენად ხშირად ვიყენებთ, რომ გვავიწყდება: უსაფრთხოების წესების დაუცველობის შემთხვევაში ეს საშიში მოწყობილობაა, რომელიც ყოველწლიურად უამრავ ადამიანს, მოზრდილებსა თუ ბავშვებს აზიანებს.
მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ წესები: ესკალატორის თავსა და ბოლოში ბავშვს გადასვლაში დაეხმარონ და თუ პატარაა, ხელშიც აიყვანონ, რომ ფეხი არ წამოედოს ან არ ჩაყვეს. ასევე, აუცილებელია, ესკალატორზე ბავშვი ისე იდგეს, რომ სახელურზე ეკიდოს ხელი ან მშობლისთვის, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ესკალატორის კიბის გვერდითა კედლებთან ძალიან ახლოს არ უნდა ედგას ფეხი, ეცადეთ, კიბის საფეხურსა და ესკალატორის კედელს შორის მანძილი რამდენიმე სანტიმეტრი იყოს დარჩენილი.
თუ ბავშვი 2-დან 3 წლამდეა
2-3 წლის ბავშვი ეტლში აღარ ზის და აღარც ხელში გვიჭირავთ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, რომ მოძრავ ესკალატორზე უსაფრთხოდ იდგეს. ბავშვები ესკალატორზე, მგზავრობის მიმართულებით, მოძრავი ნაწილებისგან მოშორებით უნდა დააყენოთ. ბავშვი არ უნდა ეხებოდეს მოძრავ ნაწილებს. განსაკუთრებით, სახელურს. რამდენიმე წლის წინ მეტრო „ახმეტელის თეატრს“ მცირეწლოვან ბავშვს ხელი ესკალატორის სახელურში მოჰყვა და დაზიანება მიიღო.
თუ ბავშვი 3-დან 5 წლამდეა
აუხსენით ბავშვს, რომ ესკალატორზე გადაადგილებისას მოაჯირს ხელი უნდა მოკიდოს, ოღონდ თითები მხოლოდ მოძრავ ლენტაზე უნდა ედოს და არ ეხებოდეს მის ქვემოთა სივრცეს. ასევე მნიშვნელოვანია მასთან ესკალატორიდან ჩამოსვლის მომენტის განხილვა. ასწავლეთ, რომ ეს სწრაფად და თავდაჯერებულად გააკეთოს, დაადოს ფეხი ფიქსირებულ ლითონის ფირფიტას ესკალატორის ზედა ან ქვედა ნაწილში და სწრაფად გადავიდეს ფილაქანზე.
არასწორი გადასვლის გამო წლების წინ მეტროსადგურ “მარჯანიშვილის” ესკალატორში 6 წლის ბავშვს ფეხი მოყვა, რის შედეგადაც მან დაზიანებები მიიღო. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი მშობელს და ბებიას ექსკალატორზე აჰყავდათ.
თუ ბავშვი 5 წელზე მეტისაა
ამ ასაკის ბავშვებს უკვე შეუძლიათ ესკალატორზე დამოუკიდებლად გადაადგილდნენ. ამიტომ უნდა აუხსნათ, რომ ესკალატორი სათამაშო ადგილი არ არის.
მასზე ყოფნისას არ შეიძლება სიარული, სირბილი, კიბეებზე ჯდომა და მოაჯირზე დაყრდნობა, ესკალატორის გვერდითა ნაწილებზე მიყრდნობა. არ უნდა მოეჭიდოთ ორივე მოაჯირს ერთდროულად, ასევე არ არის სასურველი სხვა ადამიანებთან ძალიან ახლოს დგომა – დაე, თქვენ შორის ერთი-ორი საფეხური მაინც იყოს.
განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ესკალატორზე მგზავრობისას, თუ გრძელი სამოსი გაცვიათ, ასევე გრძელი სახელოებითა და ფურჩალებით.
წყარო: მშობლები