ახალციხეში, ჯაყელის ქუჩაზე სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ავტომობილი ავარიაში მოყვა. დაშავებულია ეკიპაჟის ორი პირი . მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის დროს მანქანაში მხოლოდ სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ჯგუფი– ექიმი, ექთანი და მძღოლი იმყოფებოდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სასწრაფოს მძღოლმა სხვა ავტომობილთან საავარიო რისკის თავიდან ასარიდებლად მანქანა სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და ელექტროგადამცემი ხაზის ბოძს შეეჯახა.
ავარიის დროს მხოლოდ ექიმი და ექთანი დაშავდა, ისინი ახალციხის კლინიკა „იმედში“ არიან გადაყვანილი. სამედიცინო დაწესებულების კლინიკური მენეჯერის, მზია კაკოშვილის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება: „სერიოზული დაზიანებები არ აქვთ. უტარდებათ დამატებითი კვლევები“.
„ენერგო-პრო ჯორჯია“–ს განცხადებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით ოთხ აბონენტს შეუწყდა. დაზიანების აღმოსაფხვრელად ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.
რა მუხლით დაიწყო მომხდარზე გამოძიება, რედაქცია პასუხს შსს–გან ელოდება.
წყარო: sknews.ge