უცხოური მედიის ცნობით, ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო’კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა.
„დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი საყვარელი შინეიდი. მისი ოჯახი და მეგობრები ძალიან დამწუხრებულები არიან“, – ვკითხულობთ მუსიკოსის ოჯახის ოფიციალურ განცხადებაში.
2018 წლის შემდეგ, რაც მომღერალმა ისლამი მიიღო და სარწმუნოება შეიცვალა, საკუთარ თავს შუხადა სადაკატის სახელით მოიხსენიებდა.
მომღერალი ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავდა, რომ საკმაოდ დიდი ხანი ებრძოდა დეპრესიას.
2022 წელს მუსიკოსის ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა, შინეიდის 17 წლის ვაჟმა – შეინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს ტრაგედია დიდი დარტყმა აღმოჩნდა მუსიკოსისთვის…
ირლანდიელმა მომღერალმა უდიდეს წარმატებას 1990-იან წლებში, კომპოზიციით Nothing Compares 2U მიაღწია. სიმღერის ვიდეორგოლი youtube-ზე მაყურებელმა 400 მილიონზე მეტჯერ ნახა. ო’კონორმა, საერთო ჯამში, 10 ალბომი გამოუშვა.
თავგადაპარსულმა, საუცხოო ვიზუალისა და შესრულების სტილის მქონე შინეიდმა 1990-იან წლებში მსმენელს ყველაზე განსხვავებული და საინტერესო კომპოზიცია შესთავაზა, რომლითაც მან მაშინდელ პოპ-მომღერლებს უდიდესი კონკურენცია გაუწია.
„მისი მუსიკა მთელ მსოფლიოში უყვარდათ, მისი ნიჭი კი შეუდარებელია“, – დაწერა ირლანდიის პრემიერმა ლეო ვარადკარმა „ტვიტერის“ გვერდზე, რომელმაც საზოგადოებას მუსიკოსის გარდაცვალება მიუსამძიმრა.
ბავშვობის წლები
შეუდარებელი მომღერალი, ირლანდიაში, დუბლინში, 1966 წლის 8 დეკემბერს დაიბადა. მას არც ისე დალხენილი ბავშვობა ჰქონდა. გოგონა 8 წლის იყო, როცა მშობლები დაშორდნენ, დედამ კი იგი კათოლიკურ სკოლაში შეიყვანა.
ერთხელ პატარა გოგონამ მაღაზიაში ნივთი მოიპარა, ის დასაჯეს და სამონასტრო ტიპის აღმზრდელობით დაწესებულებაში გაგზავნეს.
შინეიდს მუსიკა ბავშვობიდან ძალიან უყვარდა, სიმღერისას ის ყველა პრობლემას ივიწყებდა. შემდეგ შინეიდის ნიჭი ერთ-ერთი მუსიკალური ჯგუფის წევრებმაც შეამჩნიეს. შინეიდი კარიერას და სწავლას ერთმანეთს ვერ უთავსებდა, ამიტომ სკოლა ისე მიატოვა, რომ დაწყებითი განათლება სრულად არ მიუღია.
სხვადასხვა საკრავზე დაკვრა მან დუბლინის კაფეებში ისწავლა, პარალელურად, განათლება მუსიკალურ კოლეჯშიც მიიღო.
18 წლის გოგონა წარმატების მისაღწევად გამოწვევებს არ შეუშინდა და ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მისი შესრულებული საუნდტრეკები სხვადასხვა ფილმში გამოიყენეს. ახალგაზრდა გოგონამ შეძლო და სულ მალე პირველი ალბომიც ჩაწერა. სადებიუტო ალბომი The Lion and the Cobra უამრავ განსხვავებულ და კარგ მუსიკას აერთიანებდა. ამ ალბომებიდან რამდენიმე სიმღერა განსაკუთრებით შეიყვარა მსმენელმა, რომლებიც მუსიკალურ ჩარტებში შეუჩერებლად ისმოდა.
მომდევნო ალბომმა – I Do Not Want What I Haven’t Got გაამართლა მსმენელის იმედები და სწორედ ამ ალბომით მიიღო მუსიკოსმა პირველი „გრემი“.