მწერალი ტორესა მოსი, კერძო დაზღღვევის გამოყენების დროს შექმნილი დისკომფორტის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„პსპ დაზღვევა – PSP Insurance
ბევრი წელია თქვენგან საკმაოდ ძვირადღირებულ პაკეტს ვყიდულობ ჩემთვის და ოჯახის წევრებისთვის. ყოველთვიურად საკმაოდ დიდ თანხას ვიხდი, მაგრამ თითქმის ვერასოდეს ვიყენებ ამ დაზღვევას.
რამე რომ მჭირდება, უნდა დავრეკო, ჩავეწერო, შეუძლებელია ჩავეწერო იმ დღეს, როცა მე შემიძლია რეალურად მივიდე ექიმთან, ძირითადად რომ კვდები ადამიანი ერთი კვირის შემდეგ ან მოხვდები ექიმთან ან არა. ვთქვათ მიხვედი მერე ამ ოჯახის ექიმთან და ამ ექიმმა გაგიშვა კარდიოლოგთან, ან ენდოკრინოლოგთან, ის გაგსინჯავს და ჩათვლის რომ რაღაც გჭირდება, ვთქვათ კარდიოგრამის გადაღება, ან რამე ანალიზი, გამოგიწერს რაღაც ქაღალდს და მერე ამ ქაღალდით ისევ უნდა ჩაეწერო ოჯახის ექიმთან, გაიარო მთელი ეს ბიუროკრატიული სიგიჟე, რომ რამენაირად ექიმის მიერ დანიშნულ პროცედურაზე მოხვდე.
ამ ოჯახის ექიმთან ძირითადად პირველივე მისვლაზე ფორმალურად მიდიხარ. ვთქვათ გაწუხებს გული, ხომ ისედაც ცხადია რომ კარდიოლოგი გჭირდება? არა, უნდა მიხვიდე ოჯახის ექიმთან, ერთი კვირა უნდა ელოდო, მიხვალ, გკითხავს რა გაწუხებს, ეუბნები – გული, ის კი სერიოზული სახით ამბობს – აჰ, ე.ი. კარდიოლოგი გჭირდებათ. მართლა? კაი, კაცო. და პირდაპირ რომ მივიდე კარდიოლოგთან რატომ არ შეიძლება?
ორი წლის წინ მქონდა ანგინა, 39 სიცხით, ოთხი დღე ვითმინე, მერე რადგან უბრალოდ შეუძლებელი იყო შემდეგ კვირამდე მოთმენა, წავედი და ცოცხალ რიგში ჩავდექი, მაგრამ გგონიათ ოტორინოლარინგოლოგთან? არა, ოჯახის ექიმთან. გაუბედურებული და სიცხიანი რამდენიმე საათი ვიდექი, მერე შევაღწიე როგორც იქნა, რაღაც მომენტში. იგივე დიალოგი, – აჰ, ოტორინოლარინგოლოგი გჭირდებათ, თითქოს არ ვიცოდი. ნახევარი საათი ავსო რაღაც ქაღალდი, მერე მივედი ამ კონკრეტულ ექიმთან, გამსინჯა, მაგრამ იმისათვის რომ კონკრეტული ანტიბიოტიკი გამოეწერა, მომთხოვა ალერგიაზე ტესტი იმ კონკრეტულ წამალზე. და თქვენ გგონიათ ლაბორატორიაში წავედი? არა, ისევ ოჯახის ექიმთან, ისევ ცოცხალ რიგში, შემდეგ იქიდან ლაბორატორიის რიგში, შემდეგ ისევ ოტორინოლარინგოლოგთან და შემდეგ ისევ ოჯახის ექიმთან რიგში, რომ მას უკვე ამ ექიმის გამოწერილი წამლები სხვა ბლანკზე გამოეწერა, რომ მერე იმ ბლანკით წავსულიყავი აფთიაქში.
არ არის ეს ადამიანის წამება?
ეს ყველაფერი არის ირიბი ძარცვა ადამიანის და ბარიერების ხელოვნურად შექმნა, რომ ადამიანმა წელიწადში ერთხელაც კი არ გამოიყენოს ის, რაშიც ყოველ თვე საკმაოდ დიდ თანხას იხდის.
რა ლოგიკითაა საჭირო, კონკრეტული ექიმის მიერ გამოწერილი პროცედურისთვის ისევ ოჯახის ექიმთან სირბილი და მთელი ეს ბიუროკრატიული ჯოჯოხეთი, რომელიც ჯანმრთელიც რომ იყო ადამიანი, ნერვულ სისტემას გინადგურებს.
თვენახევარია ანალიზები მჭირდება და ვერ ვიკეთებ ამ დედამ****ლი არაადამიანური ბიუროკრატიული სიგიჟის გამო. გულწრფელად მძულხართ ამის გამო“, – წერს ტორესა მოსი