როგორც აღმოჩნდა, თავიდან ფსიქოთერაპევტის როლზე მსახიობი ავთანდილ მახარაძე მოიაზრებოდა. “მონანიების” ვარსკვლავთან თინა გურჩიანს მუშაობა დაწყებულიც ჰქონდა.
თინა გურჩიანი: – ყველაზე დიდი სირთულე მთავარი როლის შემსრულებლის მოძებნა იყო. სერიალში მასზე დიდი დატვირთვა მოდის, სულ ჩანს. ამ დატვირთვის როლისთვის შემსრულებლის მოძებნა, საქართველოში, პრობლემაა.
სადაც კი ეს სერიალი გადაიღეს (30 ქვეყანაში და ახლაც იღებენ), ფსიქოთერაპევტის როლს იმ ქვეყნის ვარსკვლავი და განსაკურებულად ძლიერი მსახიობი ასრულებს. ამიტომ ვისაც ამ როლს შევთავაზებდი, ვიცოდი, რომ უარს არავინ მეტყოდა.
მარტიდან მაისის ბოლომდე ვმუშაობდით ლევანის როლზე. ამბობდა, იმ კარანტინის დღეებში ამ როლმა ჩემი ცხოვრება გაალამაზაო.
ვინაიდან რთული რიტმით სამუშაო სერიალია, (მოკლე დროში ძალიან სწრაფად უნდა გვემუშავა), დიდ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს, ტექსტუალურადაც რთულია, მისი დამახსოვრება და დაძლევა, ნებისმიერი ასაკის მსახიობისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, საბოლოოდ, ბატონმა ავთომ მასზე უარი თქვა. ეს მისთვის ტრაგიკული ისტორიაა. მართლა შეუყვარდა ეს როლი.
ბატონი ავთო არის გულიანი ადამინი და პერფექციონისტი, რომელიც კინოში თითოეულ ნიუანსზე დიდხანს მუშაობას არის მიჩვეული. ეს სერიალი კი, მასზე სამუშაოდ, ამდენ დროს არ იძლეოდა.
მერე დავიწყეთ ფიქრი, ვინ იქნებოდა ლევანი? გავყვევით “ხაზს”, ამ ასაკობრივი ჯგუფიდან ვინ უყვარს მაყურებელს და 45 სერია, ვის ნახვას ისურვებდა ეკრანზე. ასეთი აღმოჩნდა რეზო ჩხიკვიშვილი. როგორც კი როლი ბატონ რეზოს შევთავაზეთ, ხუთ წუთში დაგვთანხმდა. მიხვდა, რომ ეს ძალიან საინტერესო გამოწვევა იქნებოდა…