“თექალე (თეკკალე), სოფელი თექალე, კავკასიძეების ციხე მართალია, პატარაა, მაგრამ ძალიან პირქუშია და მიუდგომელი. მთელ პროვინციაში ასეთი მიუვალი ციხის პოვნა გაგიჭირდებათ. ამ ციხეზე ასვლას ექვთიმე თაყაიშვილიც ოცნებობდა, თუმცა დიდმა მეცნიერმა ეს ვერ მოახერხა…”
“კავკასიძეების ციხე… ტაო…
სულისშემძვრელი სევდა…
უკვე ციტადელს მოადგა… მალე წყალი დაფარავს მრავალსაუკუნოვან ისტორიას!..“ რამდენიმე დღეა ასეთი წარწერით ვრცელდება კავკასიძეების ციხის ფოტოები…
თუ ვინ იყვნენ კავკასიძეები, თემურ ჯოჯუას ნაშრომი – „IV. მარხვანისათვის (H-375ა) დართული გულფაიქ წმედისძის მინაწერის ცნობები უცნობი ერისთავთერისთავის გიორგი კავკასიძის (1535/1536-1545 წწ.) შესახებ და ტაოს საერისთავოს XVI საუკუნის I ნახევრის ისტორიის საკითხები“… გვამცნობს:
– მარხვანისათვის დართულ გულფაიქ წმედისძის მინაწერში, ისტორიულ წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ კოლოფონში გულფაიქის მამამთილი გიორგი კავკასიძე “ერისთავთერისთავის” ანუ შუა საუკუნეების ქართული სახელმწიფოს უმაღლესი “საქვეყნოდ გამრიგე” მოხელის, ქვეყნის ერთ-ერთი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის – საერისთავოს მმართველის წოდებით არის მოხსენიებული: ღმერთო, შეიწყალე… წვმედიძისა ასული, ერისთავთერისთავისა, კავკასიძისა, ბატონისა გიორგისა რძალი გულფაიქ…”. გულფაიქ წმედისძის მინაწერში დაცული ამ ცნობის სამეცნიერო ღირებულებას ერთიორად ზრდის ის გარემოება, რომ გიორგი კავკასიძის ერისთავობის ფაქტი ქართული ისტორიოგრაფიისათვის აქამდე სრულებით უცნობი იყო. ქვემოთ, ამ მეტად საინტერესო ფაქტთან დაკავშირებულ საკითხებს მაქსიმალური სისრულით განვიხილავ.
1) ერისთავთერისთავ გიორგი კავკასიძის საგანმგებლო საერისთავოს იდენტიფიკაცია და მისი ერისთავობის ქრონოლოგია
გულფაიქ წმედისძის კოლოფონში პირდაპირ არ არის მითითებული, თუ, სახელდობრ, რომელი საერისთავოს მმართველი იყო გიორგი კავკასიძე ან, კონკრეტულად, რომელ პერიოდში ფლობდა იგი ერისთავის წოდებას. მიუხედავად ამისა, აღნიშნული საკითხების გარკვევა მაინც შესაძლებელია.
დავიწყებ იმით, რომ XV საუკუნეში გადაწერილი მარხვანისათვის დართული გულფაიქ წმედისძის მინაწერი, მისი პალეოგრაფიული მონაცემების მიხედვით, XVI საუკუნით თარიღდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ კოლოფონში მოხსენიებული ერისთავთერისთავი გიორგი კავკასიძე იმავე XVI საუკუნეში მოღვაწე ერისთავი იყო.
დღეისათვის სამეცნიერო ლიტერატურაში დადგენილია, რომ XVI საუკუნის საქართველოში სულ ხუთი საერისთავო არსებობდა: 1. ოდიშის; 2. გურიის; 3. რაჭის; 4. ქსნის; 5. არაგვის. გარდა ამისა, დღეისათვის გარკვეულია ისიც, რომ XVI საუკუნეში ოდიშის ერისთავობას დადიანები ფლობდნენ (არახამია 2003: 50-53), გურიის ერისთავობას – დადიანების გვერდითი შტოს წარმომადგენლები და კობალაძეები (არახამია 2003: 63-65; სოსელია 1973: 255), რაჭის ერისთავობას – ჩხეტისძეები (სოსელია 1973: 74, 110-111), ქსნის ერისთავობას – ქვენიფნეველები(ჟორდანია 1897: 22-26, 28), ხოლო არაგვის ერისთავობას – თექთურმანიძეები, ჭარმაულები და სიდამონისძეები (ბახტაძე 2005: 5-14) ფლობდნენ.
როგორც ვხედავთ, დასახელებული საერისთავოების გეოგრაფიასა და მათი მმართველი ერისთავების საგვარეულო კუთვნილებაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ XVI საუკუნის საქართველოში დღეისათვის დადასტურებულ ხუთივე საერისთავოს, რომელთაგან სამი საერისთავო (ოდიშის, გურიისა და რაჭის) დასავლეთ, ხოლო ორი საერისთავო (ქსნისა და არაგვის) აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობდა, ერთი საერთო თავისებურება ახასიათებდა:
უკლებლივ ყველა ამ საერისთავოს უეჭველად იმ არისტოკრატული საგვარეულოების წარმომადგენლები მართავდნენ, რომლებიც ან ძველთაგანვე შესაბამის საერისთავოში ცხოვრობდნენ, ან კიდევ, ამ საერისთავოში რომელიმე მეზობლად მდებარე პროვინციიდან იყვნენ გადასახლებული. კერძოდ, ოდიშის საერისთავოს განაგებდნენ დადიანები, რომლებიც ძველთაგანვე ოდიშში მკვიდრობდნენ, გურიის საერისთავოს – მეზობელი ოდიშიდან გადასული დადიანები და ძველთაგანვე გურიაში მცხოვრები კობალაძეები, რაჭის საერისთავოს – მეზობელი იმერეთიდან გადასახლებული ჩხეტისძეები, ქსნის საერისთავოს – ამ მხარეში, ყველაზე უფრო გვიან, XIII საუკუნეში დამკვიდრებული ქვენიფნეველები, ხოლო არაგვის საერისთავოს – თექთურმანიძეები, ჭარმაულები და სიდამონისძეები, რომელთაგან თექთურმანიძეები და ჭარმაულები ძველთაგანვე თერგისა და არაგვის ხეობებში ცხოვრობდნენ, ხოლო სიდამონისძეები – მეზობელი ლიახვის ხეობიდან იყვნენ გადასულები.