წყნეთში ტრაგედიის ადგილზე გარდაცვლილი ბიჭის მეგობრებმა სანთლები, ყვავილები და კალათბურთის ბურთი მიიტანეს.
წუთიერი დუმილით და ოჯახის მისამძიმრებით დაიწყო, დღეს, კახა კალაძემ მთავრობის სხდომა. დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ ფანჩატურში ელექტროსადენების დაერთებაზე მერიის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა. მერიაში აკონკრეტებენ, რომ საქალაქო მნიშვნელობის სივრცეების გარდა, დენის წყარო პავილიონებს არ აქვს და ამ შემთხვევაშიც, დაერთება თვითნებურად მოხდა.
ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარ ტრაგედიაზე, ამას გამოძიება დაადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს. საქმეზე ჩატარებულია ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ გამოძიების ფარგლებში ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
გამოძიების დასრულებას ელოდებიან თბილისის მერიაშიც. მუნიციპალურ სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევაზე პასუხისმგებლები ის პირები არიან, რომლებმაც სკვერში ელექტროგაყვანილობა მერიისგან დამოუკიდებლად, ნებართვის გარეშე გაიყვანეს.
15 წლის მოზარდს, დენმა ფანჩატურში თამაშის დროს დაარტყა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქმეზე გამოძიებას სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით აწარმოებს. სკვერში, სადაც ტრაგედია მოხდა, სარეაბილიტაციო სამუშაოებს “შპს კვადრელი” ასრულებს, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი როგორც მერიაში ამბობენ, კომპანიას ჯერ დაწყებული არ ჰქონდა.