დღეს ცნობილი მსახიობისა და პოეტის, ნიკო გომელაურის დაბადების დღეა. ის 53 წლის გახდებოდა.
გომელაური გრიბოედოვის სახელობისა და თავისუფალ თეატრების მსახიობი იყო. თამაშობდა რამდენი ფილმში, მათ შორისაა „იდიოტოკრატია“ , „ყველაფერი კარგად იქნება“ , „რენე მიდის ჰოლივუდში და სხვ.
ნიკო გომელაურის მეუღლე ერთხანს გაურბოდა ჟურნალისტებთან ურთიერთობას. გახსენება და მოგონება ჩემთვის დამატებით დიდი ტკივილის მომნიჭებელი პროცესიაო.
ნინა ჩორდიშვილი ნიკოსთან ცხოვრების წლებზე და მასთან ურთიერთობაზე საუბრობს:
– დიახ, დრო ამას აკეთებს და სხვა არც არაფერს. მუსიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ნიკოსთან და ხუთი წლის განმავლობაში ვერ ვუსმენდი, ახლა ვუსმენ და ახლა ადვილად ვლაპარაკობ, მაგრამ მარტო ამიტომ არა.. ეტყობა, ნიკომ დატოვა კვალი და მის სიტყვას ძალა აქვს. ნიკო ბევრ ადამიანს უყვარს და მის მიმართ ინტერესი დიდია, ამიტომ, როგორც არ უნდა მაწვალებდეს და მტკიოდეს, უფლება არა მაქვს, ამ ინტერესს არ ვუპასუხო.
– თავის ინტერვიუებში ნიკო გომელაური ხშირად ამბობდა, რომ თქვენ მისი დასაყრდენი და იმედი იყავით. როგორ მოახერხეთ ასეთი ნდობის მოპოვება?
– არა, არა… არაფერი არ მომიხერხებია. იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება, რომ ადამიანები, იდენტური ფასეულობებით და ცხოვრების მიმართ იდენტური დამოკიდებულებით, ერთმანეთს ხვდებიან. ძალიან ბევრი წყვილია, რომელიც ბედნიერად და კარგად ცხოვრობს, იმიტომ, რადგან ერთმანეთს და იდენტობა წლების შემდეგ დგება. უბრალოდ, ჩვენ გაგვიმართლა და ერთმანეთს შევხვდით ბევრ რამეში ერთნაირი ორი ადამიანი. სრულიად შემთხვევით, მაგრამ შევხვდით…
-პოპულარული ადამიანები ხშირად ხდებიან ჭორების სამიზნე. მით უმეტეს, როცა საქმე თაყვანისმცემელი ქალების ყურადღებით განებივრებულ, სიმპათიურ მამაკაცს ეხება. ისეთ ჭორს ხომ ვერ გაიხსენებთ, რომელზეც ორივეს ბევრი გიხალისიათ?
– ჭორი მართლაც ძალიან ბევრი იყო, მაგრამ რომ გითხრათ, ამაზე გვიხალისია და გვიცინია, ტყუილი იქნება. რასაკვირველია, ნიკოს ცხოვრებაში ბევრი ქალი და ბევრი „მაცხნივ“ გადახვევა იყო, მაგრამ გულწრფელად ვნანობ, რომ ამას ვებრძოდი. ნეტავი მეტი ყოფილიყო და თუ რამე ახალისებდა, ნეტავი მეტად ეხალისა. გულწრფელად ვამბობ, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი დარდი, რაც მაქვს, რადგან „ხმალამოღებული“ ვიბრძოდი, აბჯარი მეცვა და რკინის ქალამანი (იცინის). არ უნდა გამეკეთებინა ეს…
– ალბათ, ნიკო გომელაური ის ადამიანი არ იყო, რომლის შენარჩუნებაც „ხმალამოღებული“ ომით იქნებოდა შესაძლებელი?
– რასაკვირველია. ეს ყველაფერი თანდართული იყო სმასთან, რომელიც თვითონ მას ძალიან არ უნდოდა. სვამდა და თვითონ არ იყო კმაყოფილი თავისი ცხოვრების წესით, ამიტომ მეძლეოდა უფლება, მის სმასთან მებრძოლა.
რაც შეეხება ჭორებს, თავიდან იყო ასეთი ჭორი, რომ ასაკით უფროსმა ნინამ მომხიბვლელი, ნიჭიერი, სხარტი, ენამახვილი და ქალებისთვის მიმზიდველი მამაკაცი თავისი ფინანსური შესაძლებლობებით „დააბა.“ ამაზე მართლა ძალიან ბევრი ვიცინეთ. ნიკოს უკვირდა, როგორ შეუძლია ქალს, რომელსაც მე მოვწონვარ, იფიქროს, რომ მე შემიძლია, ცოლი მოვიყვანო მატერიალურისთვის ან რაღაც მიწიერის გამოო.
– ბოჰემური ცხოვრების მოტრფიალე მამაკაცის მატერიალურით მოხიბვლა, ალბათ, მართლაც შეუძლებელია…
– რა თქმა უნდა.. გარდა ამისა, ჩემს მატერიალურ შესაძლებლობებს ვერც შევადარებ იმასთან, როგორიც ნიკოს ოჯახს ჰქონდა. ეს იყო ძალიან შეძლებული ოჯახი. უბრალოდ, მე მაშინ მყავდა წითელი „ჯიპი“, რომელიც ძალიან თვალშისაცემი იყო და ჭორიც ამ მანქანას მოჰყვა. ნიკო მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათმობდა თავის თავისუფლებას, თუ ექნებოდა ძალიან დიდი სიყვარულის განცდა იმ ქალის მიმართ, რომელიც მის გვერდით იყო. სხვა შემთხვევაში ვერაფრით დააბამდი.
რაც შეეხება ბოჰემურ ცხოვრებას, ეს რთულია ყველა ქალისთვის, რომელიც ასეთი ცხოვრების წესს არ მისდევს. მე ვიძინებ ღამე, ვიღვიძებ ადრე დილას, ხოლო ბოჰემას პირიქით – ღამე ღვიძავს და დღე ძინავს, მაგრამ როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც რომელიც 1000 გრადუსზე იწვის, როგორც ლავა, მაშინ პირველ ადგილას მისი ეს წვის პროცესი უნდა დააყენო. მით უმეტეს, თუ ამ წვის პროცესს წარმატებული შედეგი აქვს. ამიტომ ჩემს ცხოვრებას, ჩემს ბრძოლას, ჩემს ჩხუბს და ყველაფერს აქვს გამართლება და შემიძლია, გითხრათ, რომ მე ძალიან ბედნიერი ქალი ვარ.
– თქვენ ხართ უამრავი ლექსის მუზა, რომელიც ნიკომ თორმეტწლიანი ცხოვრების მანძილზე მოგიძღვნათ. რას გრძნობს ქალი, რომელსაც ნიკო გომელაურმა თავისი უკანასკნელი ლექსი „მე შენში მიყვარს ღმერთი“ მიუძღვნა?
– ეს ლექსი ნიკომ პირველად „ნანუკას შოუში“ წაიკითხა. გადაცემა მარტის შუა რიცხვებში გავიდა, თორმეტ აპრილს კი ნიკო უკვე აღარ იყო.
ნიკო გომელაური 2010 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა
წყარო – plus.kvira.ge