ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს:
„- შემიძლია ასე ვიყო საათობით გაუნძრევლად შენთან ერთად და მზის ჩასვლას ვუყურო – თქვა გოგომ
– რა თქმა უნდა – ვუთხარი მე.
– წითელ ღვინოს ინებებთ თუ თეთრს – გვითხრა იქაურმა ბიჭმა.
– თეთრს – უთხრა გოგომ – არა, არა წითელი ტკბილი მოგვიტანეთ. ანდა არა – თეთრი იყოს.
იქაურმა ბიჭმა ღვინო მოიტანა, ჭიქაში ბოთლის ოსტატური წაქცევით ხუთი წვეთი ჩაასხა, მერე ჭიქა მაღლა აღმართა და მსუბუქად დაატრიალა ცალი თვალის მოჭუტვით, თითქოს მზის ღმერთს შესწირაო მორიგი 15 დოლარი.
– რა კარგია შენთან – მითხრა გოგომ – გარეთ სამყარო აღარც არსებობს და ვართ მხოლოდ მე და შენ – მარადიულ უსასრულობაში. გრძნობ ჩემს გულისცემას?
– ასე შორიდან? – გავრისკე მე.
გოგოს ეწყინა, მაგრამ მალე გადაუარა.
– ძალიან მიყვარს პაემნები. აი, ძალიან! – თქვა გოგომ
მე არაფერი მითქვამს.
– გესმის ჩიტები ჭიკჭიკი? წარმოიდგინე, სოფელში, შენთან, აივანზე ვზივართ და ყოველ დილით ჩიტების ჭიკჭიკი გვესმის.
წარმოვიდგინე.
საგანგებო სანთელი ჩაქრა. გამოვცვლით – თქვა საიდანღაც იქაურმა ბიჭმა.
– აუცილებლად გამოცვალეთ! – უთხრა გოგომ – ღვინო. სანთელი. მყუდროება. მოიცა, რაღაც გვაკლია. იცი, რა?
მე არ ვიცოდი.
– ყვავილები, სულელო! – გაიცინა გოგომ და ცხვირზე თითი მომაჭირა.
– გახედე, ნახე, მზე რა ლამაზად ჩადის!
მე საათს დავხედე. ცხრის ნახევარი იყო.
– ასე საათობით შემიძლია ვიჯდე, გაუნძრევლად და არაფერზე ვფიქრობდე! – თქვა გოგომ – დღეს არსად მეჩქარება. სანამ არ დაიკეტება, ვიჯდეთ. თუნდაც ჩუმად. ვისუნთქოთ ჰაერი. შევიგრძნოთ თავისუფლების ნეტარება. ვიყოთ ასე გაშეშებული. შევიგრძნოთ ერთმანეთის ფიქრი. გავაერთიანოთ. საათობით. გაუნძრევლად. რა საოცარია არა? საათობით. გაუნძრევლად. საათობით. გაუნძრევლად!
– მართალი იყო დედაჩემი! – ვთქვი მე.
– რა? – მკითხა გოგომ.
– არა, არაფერი.
ხოლო დედაჩემი მეუბნებოდა, რომ თუ ტაძარში არ ვივლიდი და ცოდვებს არ მოვინანიებდი, აუცილებლად ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი. მე გუშინწინ მოვკვდი. თან ისე, რომ ტაძარში მისვლა ვერ მოვასწარი“, – წერს კეკელიძე.