2023 წლის ივლისში რამდენიმე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა მოხდება, რაც თითოეულ ადამიანზე დიდ გავლენას მოახდენს. 13 ივლისს რაჰუს და კეტუს კვანძები კურო-მორიელის ღერძიდან ვერძი-სასწორისაკენ გადადის და წელიწად-ნახევრის განმავლობაში ამ კომბინაციაში იქნება. ასტროლოგების თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვლება. აღნიშნული კომბინაცია ქორწინებებით, განქორწინებებით, ურთიერთობებში სიცხადის შეტანით, ნიშნობებითა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით ხასიათდება. ამიტომაც, დიდი შანსია, რომ თქვენი ცხოვრება ამ კუთხით შეიცვალოს. ქორწილი დაგეგმოთ, ან საბოლოოდ დაშორდეთ იმას, ვინც თქვენზე ცუდ გავლენას ახდენს.
მაგრამ, მთავარი მოვლენა 17-18-19 ივლისს მოხდება. სწორედ ამ პერიოდში იქმნება ცაში პლანეტების ყველაზე მნიშვნელოვანი კონფიგურაცია, რომელსაც დიდ ჯვარს უწოდებენ. განსაკუთრებულ გავლენას კი 18 ივლისს ვიგრძნობთ. პლანეტა პლუტონი, მზე + მთვარე და კარმა რაჰუს და კეტუს კვანძები ცაში ოთხ წერტილად იქცევა. ასტროლოგების თქმით, აღნიშნულ სიტუაციას პლანეტა პლუტონი მართავს. აღსანიშნავია, რომ 17 ივლისს ახალი მთვარეა და ორივე მნათობი ცაში ერთ გრადუსზე იქნება.
აღნიშნულ კომბინაციას ძალიან დიდი ენერგია აქვს და შეუძლია, ბევრი ადამიანის ცხოვრება მკვეთრად შეცვალოს. ვინაიდან 18 ივლისს ე.წ. დიდი ჯვრის სათავეში პლანეტა პლუტონი და მზე არიან, სწორედ მათი ენერგია და გავლენები იქნება გადამწყვეტი. სწორედ ამ დღეებში ადამიანებში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და გარკვეული კვანტური ნახტომი მოხდება. ეს შესაძლოა, ნებისმიერ სფეროს უკავშირდებოდეს. ყველაზე მთავარი არის ის, რომ თითოეული ჩვენგანი არსებული სიტუაციის რადიკალურად შეცვლის სურვილს იგრძნობს და პირველივე ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს.
პლუტონი პასუხისმგებელია იმ ყველაფრის სამუდამოდ გაქრობაზე, რასაც არანაირი პოტენციალი და პერსპექტივა არ გააჩნია. მზე კი ჩვენს ბედნიერებასა და სიამოვნებას უზრუნველყოფს. 17 ივლისიდან 19 ივლისამდე ბევრი ადამიანი საბედისწერო და რადიკალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს შეიძლება ეხებოდეს კარიერას, პირად ცხოვრებას, საქმიან ურთიერთობებს. იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, ნიშნები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. მიხვდებით, რომ წარსულში დატოვებულ ურთიერთობებს, რომლებსაც განვითარების პერსპექტივა აღარ აქვს, სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოთ. უარი თქვათ სამსახურში იმ საქმის შესრულებაზე, რომელიც არ გევალებათ. დაასრულოთ ტოქსიკური დამოკიდებულებები, საბოლოოდ თქვათ უარი იმაზე, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ და ძალით ასრულებთ. საპასუხოდ კი დაიწყოთ რაიმე ახალი, რაც ძალიან დიდ წარმატებასა და იღბალს მოგიტანთ.
წყარო – “ბომონდი”