შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, “საქართველოს ბანკზე” თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას საქმეზე სამართალდამცველები მუშაობენ. ამიტომ ამ ეტაპზე გამოძიების შესახებ ღიად ვერ ისაუბრებს.
რაც შეეხება მისი ძმის დაკავების საკითხს, გომელაურის თქმით, “ბადრი ესებუას ძმას გადაჰქონდა აკრძალული ნივთები, რა დროსაც დავაკავეთ.“
ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საკითხზე ღიად ვერ ისაუბრებს.
“ვმუშაობთ. მოხდა ბადრი ესებუას ძმის დაკავება, რომელიც მას ეხმარებოდა და გადაჰქონდა ტვირთი, რომელშიც აკრძალული ნივთები იყო. გამოძიება მიმდინარეობს და ღიად ვერ ვსაუბრობთ ამ საკითხზე, ბოდიშს გიხდით,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს დაადასტურა, რომ 31 წლის ბადრი ესებუაა თავდამსხმელი, რომელიც ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალს თავს შეიარაღებულად დაესხა, მძევლები აიყვანა, მოლაპარაკებების შემდეგ კი 500 000 აშშ დოლარი გაიტაცა და მიიმალა. გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.