თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი პროკურატურის მიერ მისი შვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ უწყებამ 6 თვის განმავლობაში ვერც ერთ კითხვას ვერ გასცა პასუხი. ის ფიქრობს, რომ საქმის დახურვა მანამდეც ჰქონდათ განზრახული, თუმცა უწყება არჩევნების დასრულებას ელოდებოდა.
“არც ერთ კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული. 6 თვის მანძილზე ესე იგი მხოლოდ არჩევნების გამო იწელებოდა ეს საქმე, როგორც ვვარაუდობდი. დამთავრდა არჩევნები, მოერგნენ სკამებს და ესეც დამთავრდა. ამათ ავიწყდებათ ღვთის სამსჯავრო, ღმერთის კანონებიც არსებობს ადამიანების კანონმდებლობის გარდა, მკვლელობას არავის შეარჩენს და სისხლიანი ხელებით დიდხანს ვერ იქნებიან მთავრობაში.
“ჩემი მოთხოვნები იგივე რჩება. მიხეილთან [ადვოკატი] ერთად გადავწყვეტთ. იმდენად მოულოდნელი იყო ჩვენთვის, პანდემიის გამო გვეგონა არ დახურავდნენ, მაგრამ რადგან დახურეს, ესე იგი თავი ქუდში ჰგონიათ. ვნახოთ, მოვილაპარაკებთ და ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭიროა. პროტესტის ყველანაირ ფორმას მივმართავთ”, – თქვა თამაზაშვილმა.
ცნობისათვის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე დაიხურა. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.