საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობის შემდეგ პროტესტი არ წყდება. აქციები სხვადასხვა ქალაქში ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. არეულობაა პარიზში, მარსელში, ლიონში, ტულუზასა და ლილიში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე, 421 ადამიანია დაკავებული. ხელისუფლებამ სიტუაციის გასაკონტროლებლად 40 000 სამართალდამცავი გამოიყვანა.
არსებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭი, რომელიც ავტომობილს მართავდა, არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას ავტომანქანის გაჩერების შესახებ. სამართალდამცველთა ვერსიით, პოლიციელმა ბიჭს ესროლა, რადგან მოზარდი საპატრულო ეკიპაჟთან შეჯახებას აპირებდა.
როგორც სააგენტო “ფრანს პრესი“ წერს, ეს ვერსია არ დასტურდება სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებით. პოლიციელი, რომელმაც მოზარდს ესროლა, დაკავებულია.
სოციალურ ქსელში გავრცელდა მოკლული მოზარდის დედის მიმართვა:
“ჩემმა შვილმა მაკოცა, მითხრა, – “დედა, მიყვარხარ“, ვუთხარი, – “მეც მიყვარხარ, თავს გაუფრთხილდი”. ერთი საათის შემდეგ კი რას მეუბნებიან? მათ ჩემი შვილი დახვრიტეს. რა უნდა გავაკეთო? ის იყო ჩემი ცხოვრება, ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი შვილი. ის ჩემთვის ყველაფერი იყო“, – ამბობს დედა
