„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„მინდა, ასევე გითხრათ სასიხარულო შეფასების შესახებ, რომელიც გააკეთა „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ“ (OECD).
მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა. ჩვენ დავიკავეთ მე-8 ადგილი 82 ქვეყანას შორის. ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები თანაბარ პირობებში აყენებს როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ასევე უცხოელ ინვესტორებს.
ეს სერიოზული მიღწევაა და ჩვენ ასევე მიღებული გვაქვს რეკომენდაცია, გავაგრძელოთ სტრუქტურული რეფორმები და შევიმუშავოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთიანი სტრატეგია. ეს დავალება ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს და მიმდინარეობს ამაზე მუშაობა“, – განაცხადა გახარიამ.