“ტიტანიკის” რეჟისორი ჯეიმზ კამერონი ბორტ “ტიტანზე” დატრიალებულ ტრაგედიაზე საუბრობს და აცხადებს:
“ძვლებში ვიგრძენი, რაც მოხდა. მისი ელექტრონიკის და კომუნიკაციის მწყობრიდან გამოსვლის და GPS-ის სისტემის ჩავარდნის შემდეგ, წყალქვეშა ნავი გაქრა. ეგრევე ტელეფონი ავიღე და ზოგიერთ ჩემს ნაცნობს დავურეკე, ისეთებს, ვინც წყალქვეშა ნავების საკითხში გარკვეულია.
დაახლოებით ერთ საათში შემდეგი ფაქტები გავიგე: ისინი სიღრმეში ეშვებოდნენ, 3800 მეტრის სიღრმის ფსკერზე. კომუნიკაცია და ნავიგაცია, რაიმე კატასტროფა რომ არ მომხდარიყო, ისე არ დაიკარგებოდა. პირველი, რაც გავიფიქრე, აფეთქება იყო“.
რეჟისორმა ასევე თქვა, რომ საშინელი ირონიაა “ტიტანის” და მისი ეკიპაჟის ასეთი განადგურება და მას ტიტანიკის ისტორიას ადარებს:
“კიდევ ერთი კატასტროფა გვაქვს, რომელიც იმავე გაუფრთხილებლობის პრინციპზეა დაფუძნებული. OceanGate გაფრთხილებული იყო საფრთხეების შესახებ”, – თქვა კამერონმა.
ცნობისთვის, კომპანია OceanGate-ის საკუთრებაში არსებული წყალქვეშა ნავი სახელწოდებით Titan კვირა დღეს, 18 ივნისს გაუჩინარდა. ბორტზე იმყოფებოდა 5 ადამიანი, რომელთა მიზანი 1912 წელს ჩაძირული უზარმაზარი გემის “ტიტანიკის” ნანგრევების დათვალიერება იყო.
გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი იყვნენ: OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორი 61 წლის სტოკტონ რაში, ბრიტანელ-პაკისტანელი ბიზნესმენი 48 წლის შაჰზადა დავიდი და 19 წლის მისი ვაჟი სულემანი და ბრიტანელი ბიზნესმენი 58 წლის ჰამიშ ჰარდინგი. ბორტზე მყოფი მეხუთე ადამიანი საფრანგეთის საზღვაო მყვინთავი და ცნობილი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე 77 წლის იყო.
