“გავაუქმოთ ახალი წელი?” – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახი კალაძემ ჟურნალისტის კითხვას თუ რატომ იხარჯება პანდემიის პირობებში საახალწლო კონცერტის დროს ასი ათასობით ლარი მაშინ, როდესაც ხალხი მძიმე ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს და ამავდროულად, კონცერტზე დასწრებას ადამიანები ვერ შეძლებენ.
“კულტურის წარმომადგენლები თქვენთვის ადამიანები არ არიან? არ მიგაჩნიათ ადამიანებად და გგონიათ, მაგათ პრობლემები არ აქვთ? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის კულტურის სფერო, რომელსაც სერიოზული პრობლემები შეექმნა. მე ადამიანებს არ დავტოვებ ამ პრობლემების პირისპირ. მაქსიმალურად ექნებათ ჩვენგან ხელშეწყობა, მაქსიმალურად ექნებათ თანადგომა. როდესაც სოლიდარობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით ამ რთულ ვითარებაში. შესაბამისად, ის მომღერლები, ჩვენი ესტრადის წარმომადგენლები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ისინი მიიღებენ მონაწილეობას საახალწლო კონცერტში, რომ მოსახლეობას შეუქმნან კარგი განწყობა. უფრო მეტი დაიხარჯება. ეს არ არის ერთი კონცერტი. იქნება ასევე კონცერტები შობას და ძველით ახალ წელს” – განაცხადა კალაძემ.