თბილისში, ვერეს ხეობაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მოცურდა და ბორდიურს შეეჯახა. ოთხივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
გარდაცვლილი ახალგაზრდა მორაგბე ბართლომე კალაძეა. იგი საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრი და რაგბის კლუბ “იუნკერების” მორაგბე იყო. ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ სამძიმრის წერილი გამოქვეყნდა რაგბის კლუბ “აიას” “ფეისბუქის” გვერდზე:
“რაგბის კლუბი “აია” მწუხარებას გამოთქვამს რაგბის კლუბის, კიკეთის “იუნკერების” მორაგბის, ბართლომე კალაძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ბართლომეს ოჯახს და მის თანაგუნდელებს, რაგბის კლუბ “იუნკერების” მორაგბეებს”.