ახალ პარლამენტში თანამდებობების გადანაწილების პროცესი უკვე დაიწყო და კომიტეტების თავმჯდომარეობასა თუ ვიცე-სპიკერობაზე პრეტენზია ძალიან ბევრს აქვს. არც თუ მცირე ნაწილი ცალკე ფრაქციას და მის თავმჯდომარეობას ითხოვს. თუ არჩევნებამდე ცხადი იყო, რომ სიის მეოთხე ნომერი თეა წულუკიანი კვლავ მინისტრთა კაბინეტში აინაცვლებდა, ახლა უკვე ღიად საუბრობენ, რომ 2012 წლიდან იუსტიციის უცვლელი მინისტრი პირველი ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს და ერთი წლის თავზე პარლამენტის თავმჯდომარე გახდება. გუნდის შიგნით თითქმის არავინ მალავს, რომ არჩილ თალაკვაძეს ამერიკაში ელჩად ამზადებენ და ეს ერთი წელი, ანუ გარდამავალი პერიოდი, წულუკიანს საქმეში უკეთ გასარკვევად სჭირდება. სხვათა შორის, რამდენიმე მედიასაშუალებამ ისიც დაწერა, რომ წულუკიანს ბიძინა ივანიშვილი მომავალ პრემიერად მოიაზრებს, მაგრამ გიორგი გახარიას შეცვლა ამ ეტაპზე არ განიხილება.
საინტერესოა, ირაკლი კობახიძის როლი მომავალ პარლამენტში. „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი არც ერთ პოლიტიკურ თანამდებობას არ მიიღებს და ის, უბრალოდ, ახალი კანონების წერით იქნება დაკავებული. დავიწყოთ იმით, რომ 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემთ ჩატარდება და რაც მთავარია, პარტიებს პარლამენტში მოსახვედრად 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. დღევანდელი გადმოსახედიდან, ანუ, 31 ოქტომბერს რომ ამ სისტემით ჩატარებულიყო არჩევნები, პარლამენტში მხოლოდ „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მოხვდებოდა. საუბარია იმაზე, რომ ბარიერმა 3%-მდე დაიწიოს და ამისათვის პარლამენტს საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ეს, შესაძლოა, ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელსაც 3%-იანი ბარიერის გადალახვის იმედი აქვს, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების საგანი გახდეს.
ალია