სექტემბრის დასაწყისში El Pais-მა საფეხბურთო სამყარო ააფეთქა ნიუსით – “ლიონელ მესიმ ბარსელონა შესაძლოა დატოვოს”. უფრო კონკრეტულად კი არგენტინელს კონტრაქტში აქვს პუნქტი, რომლის თანახმადაც, კატალონიიდან წასვლა მას შეუძლია ყოველ ზაფხულს, თანაც უფასოდ.
აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ხერარდ პიკემ და ხოსეპ ბართომეუმ. რაც შეეხება ლეოს ხელშეკრულებას, ის 2021 წლამდეა გათვლილი და ახალი დოკუმენტის გაფორმებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. ფანებმა ჩამოაყალიბეს საინტერესო თეორია, რომელიც აქტუალური მომენტალურად გახდა.
ვერსია ჟღერდა ასე – სამხრეთ ამერიკელი 2021 წელს “ბლაუგრანას” დატოვებს და “მანჩესტერ სიტის” შეუერთდება. ხოსეპ გვარდიოლა “კამპ ნოუს” ლეგენდას ხომ დღემდე აღმერთებს. “ქალაქელებში” “ბარსას” 10-იანის კომფორტისთვის ყველაფერია:
საყვარელი მწვრთნელი, ტიტულების მოგების მოტივაცია, ძლიერი ბიუჯეტი და შემადგენლობა, ნაცნობი სათამაშო სტილი. დიახ, შეიძლება ითქვას, რომ პეპმა “ლურჯებისგან” პრემიერ ლიგაში კატალონიური კლუბის საუკეთესო ანალოგი გამოძერწა.
დავუბრუნდეთ 32 წლის უცხოპლანეტელის კონტრაქტს “ბლაუგრანასთან”. El Pais-ის ინფო გამართლდა, პიკესა და ბართომეუს დასტური ამის მტკიცებულებაა. ფრანგულმა გამოცემამ უფრო ღრმადაც შეტოპა და აღმოაჩინა, რომ მესის ე.წ. თავისუფალი აგენტობა ყოველი წლის 30 ივნისს იხსნება.
მიუხედავად იმისა, რომ “კამპ ნოუ” ყოველ ზაფხულს კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის წასვლის საშიშროების წინაშე დგას, სიმშვიდეს არავინ კარგავს. “ბარსაში” იციან, რომ ლეო გუნდს არ მიატოვებს, ბართომეუსა და ვალვერდეს დილეტანტური დამოკიდებულების მიუხედავადაც.
არგენტინელი კატალონიურ კლუბს ყველაფერს პატიობს, მათ შორის ერნესტოს დანიშნვას, ჩემპიონთა ლიგიდან სამარცხვინო გამოვარდნებსა და ნეიმარის გაშვება-ვერდაბრუნებასაც. მოკლედ, ლიონელს არასდროს უფიქრია იგივე “სიტიზე” ან რომელიმე სხვა გრანდზე, მაგრამ ერთი გუნდი მის გულში მაინც არსებობს.
“ბლაუგრანას” კაპიტანმა აღნიშნული კლუბი უკანასკნელ ოთხ წელიწადში უკვე რამდენჯერმე ახსენა. საუბარი “ნიუელს ოლდ ბოიზზეა”, რომელშიც სამხრეთ ამერიკელი ღრმა ბავშვობაში თამაშობდა და დიდი ფეხბურთისთვის ემზადებოდა. თავად განსაჯეთ:
“მინდა ვითამაშო სამშობლოში, ნიუელსში, სადაც გავიზარდე – ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა.” – “ბარსელონას” ათიანი, 2016 წელი. “უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ბლაუგრანა ევროპაში ჩემი ერთადერთი გუნდი იქნება. კატალონიას მხოლოდ ოლდ ბოიზის გამო თუ დავტოვებ.” – 2018 წელი.
რაღაც მხრივ, ეს სიგიჟესაც ჰგავს. არსებობს სხვა ვარიანტიც – ანტონელა წავიდეს დათმობაზე და “ალბისელესტეს” ლიდერს დიდებული კარიერის დასკვნითი ეტაპი მაინც შეერგოს, თუნდაც ერთი წლით. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, ლიონელის “კეთროვნებში” დაბრუნება მინიმუმ 2022 წლამდე არ მოხდება.
“ბარსელონას” კაპიტანს ხომ მსოფლიო ჩემპიონატი აქვს სათამაშო, ალბათ უკანასკნელი მის გზაზე. ეს იქნება სამხრეთ ამერიკელის მთავარი ტიტულის მოგების ბოლო შანსი და აქედან გამომდინარე, ის ფორმაში უნდა იყოს. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ტონუსში ყოფნა კატალონიაში უფრო მოსახერხებელია, ვიდრე “შავ-წითლებში”.
ყატარის მუნდიალის შემდეგ კი “ბლაუგრანას” ათიანი ოფიციალურად “დაბერდება”. 35 წლის ასაკში სეზონში 60-მდე შეხვედრის ჩატარება ცოტა არ იყოს, რთულია. შეიძლება ითქვას, “კამპ ნოუს” პუბლიკა ნელ-ნელა ეგუება იმ ფაქტს, რომ მესის წასვლის დრო დღითიდღე ახლოვდება.
წყარო: goal.ge