ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალსოფელში, 13 წლის დათო ვანაძე ოჯახის წევრებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს. ბავშვის უეცარი გარდაცვალებით შეძრწუნებული მეზობლების თქმით, დათოს წინა დღეებში დაავადების ნიშნები არ ჰქონდა. მომხდარზე „კვირის პალიტრასთან“ ქობულეთის მერიის წარმომადგენელი დავით ზოიძე საუბრობს:
„თავადაც შოკში ვარ და ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვდივარ. საუბედუროდ, 13 წლის ულამაზესი ბავშვი დავკარგეთ ისე რომ, მიზეზი არ ვიცით. ექსპერტიზის დასკვნა მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ 20 დღის შემდეგ იქნება, თუმცა დამეთანხმებით, დასკვნა ამ ოჯახისთვის ვეღარაფერს შეცვლის…. გარდაცვალების წინა საათებში ბავშვს ღებინება დაეწყო ისე, რომ ტემპერატურა არ ასწევია. ეს, ზოგადად, უცხო მოვლენა არ არის და შესაძლოა, კვებითმა ინტოქსიკაციამაც გამოიწვიოს, რის გამოც ოჯახმა ექიმისთვის მიმართვა საჭიროდ არ ჩათვალა. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ბავშვს ღებინება დილით დაეწყო, დაასუსტა, მაგრამ შუადღისას მომჯობინდა და საჭმელი მოითხოვა. შემდეგ კი ისევ ცუდად გახდა და თქვა, ახლა წავალ და დავიძინებო. რამდენიმე ხანში ოჯახის წევრი მივიდა ბავშვის დასახედად, მაგრამ ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ამ შოკიდან გამოსვლა ძნელია, თუმცა ახლა კიდევ უფრო დაჟინებით ვთხოვ ყველას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რა მარტივადაც არ უნდა ჩავთვალოთ შემთხვევა, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.“