9 წლიანი რეჟიმის განმავლობაში, “ნაციონალურ მოძრაობაზე” ბევრი ადამიანია განაწყენებული. გამორიცხული არ არის, რომ ეს ფაქტი ან თვითდაგეგმილია, ან რიგითმა ადამიანმა გაბრაზების ნიადაგზე ჩაიდინა, – ამის შესახებ ნოდარ და ლევან შუკაკიძეების ადვოკატმა, ია გაბედავამ განაცხადა, რომლებიც ნიკა მელიამ გუშინ მისი საარჩევნო ოფისის გადაწვის ორგანიზებაში დაადანაშაულა.
გაბედავას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. მისივე თქმით, თუ ვინმეს რაიმე სახის მტკიცებულება აქვს გამოძიებას უნდა მიაწოდოს.
“გუშინ, როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი დაწვეს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისი. აღნიშნულ ოფისში როგორც თავად მელიამ აღნიშნა, კამერები არ გახლდათ, თუმცა მათ ყველა დანარჩენ ოფისში განთავსებულია ეს კამერები. ნიკა მელიამ გუშინ დაადანაშაულა კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი და ძმები შუკაკიძეები. მან ისინი უწესო ადამიანებად მოიხსენია და აღნიშნა, რომ ლევან შუკაკიძე მითითებებს აძლევს კალაძეს და კობიაშვილს. ბუნებრივია ამისათვის საჭიროა მტკიცებულებები. მელიამ სახალხოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე განაცხადა, რომ მათ ჩაიდინეს აღნიშნული დანაშაული.
ნიკა მელიამ ასევე გააჟღერა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებამდე ნოდარ შუკაკიძე საბერძნეთის ციხიდან ჩამოვიდა და საქართველოში იმყოფებოდა. ჩვენ გვაქვს იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ ნოდარ შუკაკიძეს დაუდასტურდა კორონავირუსი და ციხეზე მკურნალობას გადის, ის სამჯერ იყო გადაყვანილი საავადმყოფოში.
9 წლიანი რეჟიმის დროს ძალიან ბევრი ადამიანი არის მათზე განაწყენებული გამორიცხული არ არის და მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ფაქტი ან თვითდაგეგმილია, ან რიგითმა ადამიანმა გაბრაზების ნიადაგზე ჩაიდინა აღნიშნული. თუ ვინმეს რაიმე დოკუმენტაცია ან მტკიცებულება აქვს, გამოძიებას უნდა მიაწოდოს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ამ ფაქტთან არანაირი შემხებლობა არ აქვს, არავისთვის დავალება არ მიუცია და არავისთან კონტაქტი არ აქვს. კალაძეს და კობიაშვილს რომ შევეკითხე, ამ ადამიანს მხოლოდ ტელევიზორიდან იცნობენ. როდესაც ამბობ, რომ ორგანიზებული ჯგუფი ასრულებს, ამას ორგანიზატორიც სჭირდება და შემსრულებელიც”, – განაცხადა ია გაბედავამ.
ცნობისთვის, ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ მას აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გლდანის მესამე მიკრორაიონში, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი კობიაშვილ-კალაძესთან მჭიდრო კავშირში მყოფი კანონიერი ქურდის მხარდაჭერით გადაწვეს.