46 წლის როინ ზაუტაშვილი 8 ნოემბერს კორონავირუსით გარდაიცვალა. „გურია ნიუსი“ ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული სამედიცინო ჩარევა იყო. ჩვენ ფაქტის გადასამოწმებლად ზაუტაშვილის ოჯახის ახლობელს დავუკავშირდით, რომელმაც დაწვრილებით აღწერა როინ ზაუტაშვილის ინფიცირების პირველი ნიშნების გამოვლენიდან გარდაცვალებამდე დრო.
„არ ვიცი, რა გითხრათ. განადგურებულია ოჯახი. 27 ოქტომბერს გამოუვლინდა ინფიცირების პირველი ნიშნები, ტემპერატურა ჰქონდა. მიმართა გორის ეპიდემიოლოგებს ტესტის ჩატარების მიზნით, მაგრამ ტესტი არ აღმოაჩნდათ. პარასკევი იყო. შემდეგ უქმე დღეები მოდიოდა. ორშაბათს როცა ტესტი გაიკეთა, 2 დღე პასუხს ელოდნენ. ამასობაში მდგომარეობა დამძიმდა. სამი დღის განმავლობაში ყოველდღე იძახებდნენ სასწრაფოს. ეკიპირებით აღჭურვილებიც მიდიოდნენ, როგორც ვიცი, მაგრამ სამკურნალო დაწესებულებაში არ გადაჰყავდათ, მიზეზად ადგილების არარსებობას ასახელებდნენ. შემდეგ გადაიყვანეს კოვიდსასტუმროში და როცა ძალიან დამძიმდა მდგომარეობა ხაშურში, კლინიკა „გორმედში“, სადაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს“, _ გვეუბნება ზაუტაშვილის ოჯახის ახლობელი, რომლის თქმითაც, რომ არა დაგვიანებული მკურნალობა, ახალგაზრდა კაცი გადარჩებოდა.
„ისეთი ადამიანი იყო, მთელი სოფელი კი არა, მთელი მუნიციპალიტეტი დამწუხრებულია. რომ არა დაგვიანებული მკურნალობა, ალბათ, იცოცხლებდა. ისეთი ჯანმრთელი ადამიანი იყო, რომ იტყვიან, წამალი არ ჰქონდა სიცოცხლეში მიღებული”, _ გვითხრა როინ ზაუტაშვილის ახლობელმა.
“გურია ნიუსი” შეეცადა კლინიკა “გორმედთან” დაკავშირებას, თუმცა, ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე არავინ გვიპასუხა.
როინ ზაუტაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ცხოვრობდა. მას მეუღლე და 4 შვილი დარჩა.
„გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოთქვამს როინ ზაუტაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.
წყარო: www.gurianews.com