სოციალური ქსელის მომხმარებელი მარი ჯაფარიძე შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს გადარჩენილი ხატია დევსურაშვილის შესახებ წერს:
„ეს გოგო? ეს გოგო მეორედ დაიბადა… ეს გოგო მეორედ დაბადების მერე კიდევ ერთხელ მოკვდა, როცა დის გარდაცვალება გაიგო და ისევ დაიბადა და გააგრძელა ცხოვრება… ეს გოგო დედას გადარჩენილი იმედია… ეს გოგო დედის ლოცვამ, სხვა უამრავი ადამიანის ლოცვამ გადაარჩინა და შვილმკვდარი დედა უფრო მუქ ძაძებში არ გახვია…
ეს ის გოგოა, ყველა ახლობელმა რომ გამოვიტირეთ პირველ დღეს, რადგან გვითხრეს, რომ გარდაიცვალა… და გავიხარეთ ძალიან მალე იმით, რომ სუნთქავდა… მერე რა, რომ კომაში იყო, მერე რა, რომ ძალიან მძიმედ იყო, მაინც გვიხაროდა და სულ ციცქნა იმედს ვებღაუჭებოდით, რომ გადარჩებოდა…
ოღონდ ესუნთქა, ოღონდ აქ ყოფილიყო, ჩვენთან… ეს ის გოგოა, რომელმაც გაუძლო ყველაფერს და სუნთქავს, დადის, იღიმის და კეთილი თვალები ძველებურად უციმციმებს… თუმცა… თუმცა ის დღე, ის საშინელი ტრაგედიის დღე მისმა ტვინმა დაბლოკა… არაფერი ახსოვს, სულ არაფერი… 23 აგვისტო, როცა შატილის ტურიდან მომავალი მიკროავტობუსი 80 მეტრი სიმაღლიდან გადაეშვა და უამრავი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის – მისი და, მედეაც, მთლიანად ამოშლილია მისი მეხსიერებიდან… ეს ის გოგოა, ძალიან იღბლიანი რომაა და გადარჩა… ეს ის გოგოა, ძალიან ბედნიერი რომ იქნება… ეს ხატიაა…“ – წერს მარი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს, შატილის გზაზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარი ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის, იყო ხატიას და, 25 წლის მედეა დევსურაშვილი. მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.