1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.
“ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოს“, – ეს ფრაზა 1989 წლის 9 აპრილის დარბევისას მოკლული, ყველაზე პატარა გმირის, ეკა ბეჟანიშვილის დღიურიდანაა. ფრაზა, რომელიც 16 წლის გოგონას წინასწარმეტყველებად ექცა და საკუთარი სახელი და გვარი მთელ საქართველოს დაამახსოვრა. დღიური ეკას დედამ, ლალი ყანჩაველმა, შვილის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, შემთხვევით იპოვა.
ლალი ყანჩაველი ამბობს, რომ ეკას დღიურის შესახებ საუბარი არ უყვარს, რადგან გოგონა ამ დღიურს საგულდაგულოდ მალავდა.
ტრაგედიიდან 33 წლის შემდეგ, დღიურიდან რამდენიმე ფრაზას Ambebi ge-ის მკითხველს პირველად უზიარებს.
“სახლის დალაგების დროს შემთხვევით ვიპოვე დღიური. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა ფრაზის შემდეგ მრავალწერტილს წერდა. ერთი ასეთი ფრაზა ეწერა: “ღამე ერთია და 16-ჯერ მეღვიძება”. ზუსტად 16 წლის გარდაიცვალა. დღიურში ასევე წერდა სიზმარზე, რომელიც ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ესიზმრებოდა.
“ყოველ ღამით ხმელ ფოთლებში დავდივარ, ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?” – ამ სიზმარს ბებიასაც უყვებოდა-თურმე, ჩემთვის არასოდეს უთქვამს“, – ამბობს ლალი ყანჩაველი.
ეკა კომაროვის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იყო, როდესაც სამშობლოს თავისუფლების მოთხოვნით დაწყებულ საპროტესტო აქციებზე კლასელებთან ერთად დაიწყო სიარული.
“ეკა 8 აპრილს მამამისმა მასწავლებელთან წაიყვანა, იქიდან კი მიტინგზე წასულა. არასოდეს აგვიანებდა. 8 საათზე სახლში რომ არ მოვიდა, შეგვეშინდა და მის მოსაძებნად წავედით. წარმოიდგინეთ, იმდენ ადამიანში ვიპოვე, ძალიან გამიხარდა. წამოსვლა ვერ მოვასწარით, რამდენიმე წუთში დარბევა დაიწყო…” – ამბობს ეკას დედა. განაგრძეთ კითხვა
წყარო – ambebi.ge
