თბილისის პროკურატურაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მივიდა. მიხეილ რამიშვილის თქმით, უნდათ, რომ ის პროგრამისტის საქმეს ჩამოაშორონ.
„უნდათ, რომ ამ საქმეს ჩამომაშორონ. ფაქტი ნათელია, რომ მრავალი მცდელობა იყო ამის. მინდა განცხადება გავაკეთო და მოვიტანე გამოკითხვის ოქმი. დამიკავშირდა სუს-ის თანამშრომელი, რომელიც დეტალურად აღწერს გამოკითხვის ოქმში, როგორი კონტაქტი და ურთიერთობა ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან და როგორ გადასცემდა ფლეშკებს და აძლევდა გარკვეულ მითითებებს. ამიტომ მოვედი, რომ გამოძიებას დავეხმარო. ჯერ გვარებს არ დავასახელებ“ – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
როგორც მან აღნიშნა, ეს ადამიანი ახლა სუს-ში აღარ მუშაობს.
„ეს ადამიანი ახლა არ მუშაობს, მაგრამ როდესაც მუშაობდა დაკავებული იყო იმ სფეროსთან, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერებთან და პროგრამებთან. იმ ადამიანის, მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით, ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით მე აუცილებლად მივმართავ საქართველოში მყოფ ყველა ელჩს იმიტომ, რომ მე ძალიან ბევრი სხვა ინფორმაციაც მაქვს. მე იმასაც არ დავმალავ, რომ ბაჩანა ლობჟანიძესთანაც მქონდა გუშინ კონტაქტი და ამ ადამიანის სახელისა და გვარის გაგების შემდეგ, მას ჰქონდა სურვილი, რომ შემხვედროდა, მაგრამ დღეს მთელი დღეა ტელეფონი გამორთული აქვს” – განაცხადა რამიშვილმა.