ახალგაზრდა ქალზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ თურქეთში ქმარმა სასტიკი მეთოდებით მოკლა, დედამთილიც ძალადობდა. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს. მათივე ცნობით, 32 წლის თამთა ჯანჯღავა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა და არამხოლოდ ქმრის მხრიდან.
2016 წელს თამთას დედამთილი სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დააკავეს. სასამართლომ რძალზე ძალადობაში ბრალდებულ დედამთილს 1-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა, პოლიციამ კი მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცა.
ცნობისათვის, თამთა ჯანჯღავა ქმარმა ირაკლი შურღაიამ სიცოცხლეს თურქეთის ქალაქ სტამბულში გამოასალმა. 32 წლის ქალს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თურქეთის პოლიციამ ბრალდებულ ქმარზე ძებნა გამოაცხადა, თამთა ჯანჯღავას ცხედარი კი გუშინ, მშობლების სახლში, სენაკში გადმოასვენეს.